Friday, November 25, 2011

თბილისში პირველი "შოპინგ ფესტივალი" გაიმართება


თბილისში სავაჭრო ქსელის განვითარების, წინასაახალწლოდ საზოგადოების წახალისებისა და ქალაქში შოპინგ ტურიზმის განვითარების მიზნით, თბილისის მერიის ორგანიზებით, 9-11 დეკემბერს საქართველოში პირველი შოპინგ ფესტივალი გაიმართება.ფესტივალის განმავლობაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, რესტორნებსა და კაფე–ბარებში, ასევე სხვადასხვა  კომერციული ობიექტებში, სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლოს.შოპინგ ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება გასართობი ღონისძიებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ კომერციულ ობიექტს შეუძლია. ამისათვის თითოეულმა მსურველმა თბილისის მერიის ვებ–გვერდზე: Tbilisi.gov.ge უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და დარეგისტრირდეს. დეკემბერში დაგეგმილ პირველ შოპინგ  ფესტივალთან დაკავშირებული დეტალები, საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად გააცნო.
გიგი უგულავა: ეს მნიშვნელოვანი სიახლეა არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებთათვის, რადგან ჩვენს მოქალაქეებს რეგიონებშიც ეცოდინებათ, რომ ასეთი დღეები არსებობს და თავიანთ ვიზიტრს თბილისში ამ დროს დაგეგმავენ. ასევე გვინდა ამ დღეების რეკლამირება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მოვახდინოთ, რადგან ერთერთი მთავარი რა პოტენციალიც თბილის გააჩნია, ეს არის რეგიონულ სავაჭრო ცენტარად ქცევა. ეს ბევრ სიახლეს მოუტანს არა მარტო იმ მაღაზიებს, რომლებიც ჩართული იქნებიან ან პროცესში, არამედ ეს არის დამატებიტი ფუნქცია მთლიანად ქალაქისათვის, რაც დამატებითი შემოსავალის მომტანია. ამ ფუნქციის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მომსახურების სფეროში. მონაწილე კომპანიები ძალიან ბევრია და მე დარწმუნებული ვარ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მაღაზიებზე, არამედ ვფიქრობთ კაფეების, რესტორნების, ტურისტული მომსახურების მთელი სერვისის ჩართვაზე, იმისათვის რომ ეს დღეები იყოს ყოვლისმომცველი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენა მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება ჩვენი ქალაქის ისტორიაში.  

Friday, September 30, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


თბილისის მერმა გიგი უგულავამ რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, მდინარე ვერეს ხეობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. რამიშვილის ქუჩაზე გზის სარეკოსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, დაიგება 7 000 კვ.მეტრი ასფალტის საფარი და გაკეთდება ბორდიურები. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამიშვილის ქუჩა ჩიქოვანის ქუჩას - ჭავჭავაძის გამზირს დააკავშირებს და არაყიშვილის ქუჩას შეუერთება. ყოველივე ეს კი კვანძს გახსნის და  ამ მონაკვეთზე გადაადგილებას გაამარტივებს. ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ვერეს ხეობაში  იყალთოს მთის გავლით  ახალი მაგისტრალისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2012 წელს დაიწყება რამიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის (მე-9 საავადმოყოს მიმდებარე ტერიტორია) დამაკავშირებელი ახალი ორმხრივი გზის მშენებლობა. დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გიგი უგულავა: თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიმართულებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს სამუშაოებში შედის სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია. პარალელურად მიდის ახალი ესტაკადებისა და შემაერთებელი გზების გაკეთება. ჩვენ შევძლებთ ვაკე და საბურთალო რეალურად დავაკავშიროთ ისე, რომ მანქანას არ მოუწიოს გმირთა მოედანზე ან ფილარმონიასთან ჩასვლა. ეს 2 პრობლემური მონაკვეთია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წლის დასაწყისში გვირაბის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. გაფართოვდა და პროფილს იცვლის რამიშვილის ქუჩა, რომელიც არაყიშვილის პერპენდიკულარული გახდება. ყველა ამ ღონისძიებით მანქანას შეეძლება ფალიაშვილიდან ან აბაშიძედან  დაახლოებით 3 წუთში იყოს ყაზბეგის გამზირზე. ეს არა მარტო დროს და გავლადობას ზრდის ქალაქში, არამედ უფრო კომფორტულს ხდის მოძრაობას. მთელ ამ სამუშაოებზე, რომლებიც ქართული კომპანიების მიერ სრულდება, 300 თბილისელია დასაქმებული. ამას ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარებით ქალაქს დარჩება ახალი ინფრასტრუქტურა ხოლო პარალელურად გაჩნდება ბევრი ახალი სამუშაო ადგილი. ეს ყველაზე უფრო სწორი სოციალური დახმარებაა, ვინაიდან ქალაქს რჩება გზა, ხიდი, კომუნიკაცია, რასაც თავისი სიკეთე მოაქვს და პარალელურად იქმნება ძალაინ ბევრი სამუშაო ადგილი.

Wednesday, September 28, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო


თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო, რომლის ძირითადი თემა დასაქმება და შრომის ბაზრის მართვაა. თბილისის მერი ასევე საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ მერიის დასაქმების  პროექტი გააცნო და  სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
თბილისის მერიისა და  დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში  თბილისში არსებული შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება და საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღების მიზნით,  მერიის დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება დაიწყება. უმუშევრობის დონის შემცირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით, დასაქმების პროგრამა თბილისის მერიამ ერთი წლის წინ შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. პროგრამა დასაქმების მსურველთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას, ვაკანსიების მოძიების მიზნით, კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობას, შრომის ბაზრის კვლევასა და ანალიზს მოიცავს.
დასაქმების ბაზაში მსურველთა რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თბილისის მასშტაბით არსებულ 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.  ბაზაში ასევე ავტომატურად რეგისტრირდება ყველი ის პირი, რომელმაც თბილისის მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები დაამთავრა.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მათთან არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. მოქნილი საძიებო სისტემის საშუალებით, დასაქმების მსურველთა ბაზაში ხორციელდება კონკრეტულ პოზიციაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა და დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. მერიასა და კერძო კომპანიების ურთიერთთანამშომლობის ეს ფორმა  უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მოძიებასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯის დაზოგვას.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება შრომის ბაზრის კვლევა.  კვლევის შედეგების საფუძველზე, დაგეგმილია ბაზაში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეთა გადამზადება, რომელთა პროფესიები აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ასევე, იგეგმება კონკრეტულ ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატებისთვის სამოტივაციო ტრეინინგების ჩატარება და დასაქმების პროცესის სხვა ხელშემწყობი აქტივობები.
თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან უკვე ასობით თბილისელი დასაქმდა და განხორციელებული სიახლებით უახლეს მომავალში კიდევ ბევრი თბილისელი იპოვის მისთვის სასურველ სამსახურს.

Wednesday, September 21, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფრენბურთის სპორტული ცენტრი დაათვალიერა


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, კიევის ქუჩაზე მდებარე ფრენბურთის ორსართულიანი სპორტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.   შენობაში გაკეთდა  დახურული და ღია სათამაშო მოედნები, გარემონტდა საშხაპეები, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, რაც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კონფორტულად ვარჯიშისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სპორტული ცენტრი თანამედროვე კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით აღიჭურვა, დამონტაჟდა ელექტრო ტაბლო.
განახლებულ შენობაში 30 სპორტსმენზე გათვლილი სასტუმროს ტიპის ოთახები და სასადილო გაკეთდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მოემსახურება და ბაზაზე სათანადოთ მომზადების შესაძლებლობას მისცემს. ახალი კომპლექსი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
სპორტული ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ფრენბურთელებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: ფრენბურთი ერთ–ერთი იმ ცხრა სახეობიდან, რომლეშიც 2015 წლის ოლიმპიადაში შეჯიბრი გაიმართება. აქედან გამომდინარე, ამ სპორტის სახეობაში  ჩვენ ორი მიმართულებით ვემზადებით. ერთი მიმართულება არის ოლიმპიადისთვის 10-11 წლის ბავშვების მომზადება, ხოლო მეორე – თვითონ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია ცხრა სახეობიდან თითოეულში წარმატებას მივაღწიოთ. პატარა ბავშვები, რომლებიც 10-11 წლის არიან, პროფესიულ ზრდას ეხლა იწყებენ და ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან. შესაძლებლობა თანაბარია თუ სწორად დავგეგმავთ ამ პროცესს. ინფრასტრუქტურის მომზადებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სკოლების დიდმა უმრავლესობამ სპორტის სახეობებში სწორედ ფრენბურთი აირჩიეს, რაც ამ სპორტის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

მთაწმინდის პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა


მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები  და  შთამომავლები, მემორიალის კონკურსის კომისიის წევრები და გამარჯვებული პროექტის ავტორი ნიკოლოზ მაისურაძე  დაესწრნენ. 2009 წელს თბილისის მერიამ  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მემორიალის განთავსების მიზნით, 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალის საუკეთესო  ესკიზური პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილე 25 პროექტიდან, რომლებიც 2009 წლის 3 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე საზოგადოებამ თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ მიმდინარე ექსპოზიციაზე იხილა, კომისიამ გამარჯვებულად ახალგაზრდა არქიტექტორის ნიკოლოზ მაისურაძის პროექტი დაასახელა.  მემორიალზე აღბეჭდილია ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და  მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი სახელები.

თბილისის მერმა პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა


 “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ დაპირების ხელშეკრულება რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. მათ შორის არის ამხანაგობა „ბოჭორმა 29“, რომელმაც მერიის პროექტის დახმარებით სამუშაოები განაახლა. 12 სართულიანი  კორპუსის მშენებლობა 2012 წლის ზაფხულში დასრულდება  და ახალი სახლებით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამხანაგობა „ბოჭორმა 29“ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, „თიბისი ბანკმა“ 400 000 აშშ დოლარით დააფინანსა. განახლებულ მშენებლობაზე 20 ადამიანი დასაქმდა. პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: აღნიშნული მშენებლობა 6-8 თვეში დასრულდება. Pპარალელურად, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისადმი გაცემულია დაახლოებით 40 მლნ დოლარის ექვალენტი საგარანტიო დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში დაახლოებით 20-25 შეჩერებული დიდი მშენებლობა განახლდა და სრულიაად ახალი ხალხი დასაქმდა. აგვისტოს ეკონომიკური დინამიკა,  როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის, ძალიან პოზიტიურია. იქნება ეს ტურიზმის, თუ დიდი მშენებლობების განახლების ხარჯზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დინამიკა შევინარჩუნოთ. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი. რაც შეეხება მშენებლობას, მას განსაკუთრებით გამოვყობ, მიუხედავად იმისა, რომ სექტორის თვალსაზრისით ის ქალაქის ეკონომიკის მეორე-მესამე ადგილზეა, დასაქმების კუთხით  ის უალტერნატივოა, რადგან თვითონ მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ ყველა ბიზნესს ძალიან ბევრი სამუშაოს შექმნის პოტენციალი აქვს. სწორედ ამაზეა ჩვენი აქცენტი გაკეთებული და ამას ემსახურება პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე.’’

 

თბილისის მერმა და მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერეს


საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერა.  მეგზურობას დღეს მას თბილისის მერი უწევდა. პირველი, რაც ალბერ მეორემ  ქალაქის ისტორიულ ნაწილში ნახა აბანოთუბანი იყო. არქეოლოგიით დაინტერესებულმა მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა აბანოთუბნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებიც დაათვალიერა. დეტალურად დაინტერესდა აღმოჩენით, სადაც პირველი-მეორე საუკუნით დათარიღებული რომაული სტილით ნაგები აბანო იპოვეს. აღმოჩენის მიხედვით თბილისის ისტორია ვახტანგ გორგასლამდეა დაწყებული. აბანოთუბნის შემდეგ, გიგი უგულავამ და ალბერ მეორემ ნარიყალაზე, კალაუბასა და შარდენის ქუჩაზე გაისეირნეს, სადაც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს გაესაუბრნენ. ალბერ მეორემ ვიზიტის დროს საქართველოს ისტორიული კუთხეები მოიმახულა და დმანისში არქეოლოგიურ გათხრებსაც დაესწრო. სამი დღის განმავლობაში პრინცმა ბათუმი, სვანეთი, კახეთი, ბაკურიანი, დმანისი და თბილისი დაათვალიერა. მონაკოს პრინცმა საქართველო უკვე დატოვა.

Monday, September 19, 2011

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა მონაკოს პრინცთან ერთად დაათვალიერა


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფმა მონაკოს პრინცმა ალბერ II და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელ პანოციმ გახსნეს. ოლიმპიური კომიტეტი მაჩაბელის ქუჩაზე ახალ ოფისში გადავიდა. ოთხ სართულიან შენობაში ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თბილისის 2015 წლის ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიც განთავსდა.
შენობის პირველ სართულზე „ოლიმპიური მუზეუმი“ ფუნქციონირებს, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ტანსაცმელი და ნივთები, ასევე მათი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაა გამოფენილი. გახსნის ცერემონიასთან ერთად დღესვე, ახალ შენობაში ვეტერანი ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოვებაც გაიმართა. გამოჩენილი სამი სპორტსმენი „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში, მინდა ყველა სპორტსმენს მივულოცო, რადგან ეს არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის ოფისი, არამედ ყველა სპორტსმენისთვის საუკეთესო თავშეყრის ადგილია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და ამავდროულად აქ განთავსდა თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.ამას გარდა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იმისათვის, რომ  2015 წელს თბილისში ოლიმპიადა ჩატარდეს, გეგმის შესრულება უკვე დავიწყეთ იმ სტანდარტებით, რაც მოეთხოვება ნებისმიერი  ასეთი ტიპის ღონისძიებას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო და ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი მზადება ვუსურვო ყველა ჩვენ სპორტსმენს. იმედი მაქვს, ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.

Thursday, September 15, 2011

თბილისის საბავშვო-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


თემქაზე ახალი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ოთხსართულიანი ობიექტი 1 000 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტი და აფთიაქი ფუნქციონირებს. მარკეტი ადგილობრივ მოსახლებას სხვადასხვა სახეობის მაღალხარისხიან პროდუქციას სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. მრავალფუნქციური ცენტრის მეორე სართულზე სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნება, რომელიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ზედა ორ სართულზე დაგეგმილია კაფე–ბარისა და  პურ–ფუნთუშეულის საცხობის გახსნა. ამჟამად ახალ კომპლექსში 30 ადამიანია დასაქმებული. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ სულ 100 ადამიანი დასაქმდება. მრავალფუნქციური ცენტრის ადმინისტრაცია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და  უახლოეს მომავალში კადრებს მერიის დასაქმების ბაზიდან შეარჩევს. აღნიშნული ბაზა თბილისის მერიაში ერთი წელია ფუნქციონირებს და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ თბილისელს შეუძლია. მერია აქტიურად თანამშრომლობს ქალაქში მოქმედ კერძო კომპანიებთან და მათთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყების მსურველ თბილისელებს კომპანიებთან უწევს რეკომენდაციას. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალი ობიექტების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, მაღაზია, სალონი, პატარა საამქრო თუ სხვა. ეკონომიკური გაჭირვების დაძლევის ერთადერთი სწორი საშუალება  სწორედ მცირე, პატარა ან საშუალო ბიზნესის განვითარებაა.  ამ ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული და მისი სრულად ამუშავების შემდეგ, 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისასალმებელია ისიც, რომ ეს გააკეთეს რუსეთში მოღვაწე ქართველებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყანაში და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია მათი მოზიდვა სამშობლოში და ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით დაწყება.   ერთადერთი სწორი გზა, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არის ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი, ხოლო დასაქმება არის მთავარი  ხელშეწყობა და გამოსავალი იმ გაჭირვებიდან, რომელშიც ძალიან ბევრი თბილისელი იმყოფება.

განახლებული სვანეთი


განახლებულმა მესტიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. 13 სექტემბერს მესტიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო,  ხიდი და136 -კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობის მომსახურებაზე ორიენტირებული და გარემოსთან ადაპტირებული იუსტიციის სახლის  შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. კონსტრუქციას მთის ფორმა აქვს და ის სვანეთის ერთიან არქიტექტურულ სტილში ჯდება. იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტი და  ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინი. ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.