Friday, August 19, 2011

თბილისის მერიამ დიდების მემორიალის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა


თბილისის  მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა  და პარლამენტის დეპუტატებმა  28 აგვისტოს 1924 წლის  აჯანყებაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
2011 წლის 28 აგვისტოს  აჯანყებიდან 87 წელი გავიდა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა კონკურსი დიდების მემორიალის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველ არქიტექტორს შეეძლება.  დაღუპულთა ხსოვნის დიდების მემორიალს საფუძველი 2011 წლის 25 თებერვალს ჩაეყარა.
ადამიანები, რომელთა ხსოვნის უკვდავ საყოფადაც უნდა აღიმართოს მემორიალი, ოკუპაციის პირობებში განაგრძობდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ევროპული სახელმწიფო.
1923 წელს ზუსტად ამ ადგილას საქართველოს საუკეთესო შვილები – პატრიოტები, ოფიცრები და საზოგადო მოღვაწეები დახვრიტეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ვაკის პარკში 2012 წლის 25 თებერვლამდე აღიმართება.

Tuesday, August 16, 2011

პირველად თბილისში თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების დიოდური შუქნიშნები დამონტაჟდა


თბილისში გმირთა მოედნის გზაჯვარედინი  აღიჭურა  თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების  დიოდური შუქნიშნებით, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა, ქალაქში დამონტაჟებულ  შუქნიშნებთან შედარებით სამჯერ ნაკლებია. ობიექტი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მართვის სისტემით და ექვსი ვიდეო დეტექტორებით, რაც უზრუნველყოფს:
-გამტარუნარიანობის გაზრდას;
-შეუფერხებელ მოძრაობას;
-შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას;
-აღნიშნული სისტემის მიერ  ქალაქში შემცირდება  გამონაბოლქვის რაოდენობა, მანქანების წითელ სიგნალზე ლოდინის დრო და მოძრაობის უსაფრთხოება.
წლის ბოლომდე მსგავსი შუქნიშნები ჭავჭავაძის გამზირზეც დამონტაჟდება, სადაც სარემონტო-სამუშაოებზე  50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული ობიექტები ჩაერთვება ერთიანი მართვის ცენტრში.

Wednesday, August 10, 2011

თბილისის მერმა პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში "საბა ჯგუფის" მიერ განახლებული მშენებლობა დაათვალიერა


თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადავიდა. მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანია და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ადმინისტრაციულ დაპირებას გაუფორმებს.  დაპირების თანახმად მერია სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.  “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ ხელშეკრულება რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. მათ შორის არის კომპანია “საბა ჯგუფი”. თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. ობიექტი სამი 15 სართულიანი კორპუსისგან შედგება და 7 283 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალი სახლებით ის 295 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. სამშენებლო პროცესის განახლებას “თიბისი ბანკი” 4 600 000 აშშ დოლარით დააფინანსებს. ობიექტის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 120 ადამიანი დასაქმდება. პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: ჩვენი პროგრამის წყალობით არაერთი მშენებლობა დაიძრა. პროგრამა  ბევრად უფრო გამარტივდა და ბევრად უფრო მოქნილი გახდა. კომპანიებს, რომლებსაც კრიზისის გამო დაწყებული და შეჩერებული აქვთ მშენებლობა, ჩვენ  ადმინისტრაციულ დაპირებას ვაძლევთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ  400 დოლარად, ანუ თვითღირებულების ფასად მერია 1 კვ.მ-ს შეისყიდის. პროგრამის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ  მშენებელს ფული დასრულებისთვის სჭირდება. ამ გარანტიით კი მათ ბანკები ფულს უფრო ამრტივად აძლევენ. ამ პროგრამით წაგებული არავინ არ არის. მოგებულები კი ის თბილისელები არიან, რომლებიც ბინებს ელოდებოდნენ და პირველ რიგში ისინი, ვისაც დასაქმება უნდოდა  და დასაქმდა.

Friday, August 5, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სამკერვალო საწარმო “ელსელემა”დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა


სამკერვალო “ელსელემა” 2002 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს აწარმოებს.   კომპანია თანამშრომლობს,  როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე კერძო კომპანიებთან და ძალოვანი სტრუქტურებისათვის, დაცვის სამსახურებისათვის, სხვადასხვა ფირმებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის უმოკლეს ვადაში, უმაღლესი ხარისხის უნიფორმებს ამზადებს. კომპანიამ ამჟამად მოლაპარაკება დაასრულა თურქული ბრენდის „კოტონის“ წარმომადგენლებთან და თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც საწარმოს შესაძლებლობას მისცემს წარმოება გააფართოვოს და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.  შპს “ელსელემა”–ში 200 ადამიანია დასაქმებული. საწარმო თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან არჩევს. აღნიშნულ სამკერვალოში თბილისის მერიის რეკომენდაციით უახლოეს მომავალში რამოდენიმე თბილისელი დაიწყებს მუშაობას, ამჟამად ისინი გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან. დასაქმების მსურველთა ერთიანი ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს. თბილისის მერია თანამშრომლობს დამსაქმებელ კერძო კომპანიებთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ქალაქში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით.
თბილისის მერიის დასაქმების პროექტის ფარგლებში უკვე ბევრი თბილისელი დასაქმდა. პროცესი გრძელდება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამკერვალო საწარმო თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაეცნო და დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: ცხოვრება მძიმეა ბევრი თბილისელისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც მუშაობა უნდა დ ვერ პოულობს სამუშაოს, ეს მტანჯველი პრობლემაა განსაკუთრებით თბილისში, ამიტომ თითოეული ორგანიზაცია რომელიც ახერხებს სამუშაო ადგილების შექმნას ჩვენთვის არის ფასდაუდებელი და ჩვენი ამოცანაა მერია იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი გზა და ხიდი დამსაქმებელსა და მოქალაქეს შორის. დღეს აქ ამ კომპანიაში 20 ადამიანი მოვიდა ჩვენი დასაქმების ბაზიდან, ისინი გაივლიან სტაჟირებას და შემდეგ დასაქმდებიან.

Wednesday, August 3, 2011

პოლიციის ახალი შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ



2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში ააშენა  და აამოქმედა  პოლიციის განყოფილების თვრამეტი ახალი, გამჭირვალე შენობა, რომლებიც  უახლესი კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს მოსკოვის გამზირის N14–ში მდებარე ისანი–სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, სადაც  120  თანამშრომელი იმუშავებს და   ისანი–სამგორის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული პოლიციის შენობა რიგით მეექვსეა, რომელიც ხსენებულ რაიონში გაიხსნა. თბილისის მერიამ პოლიციის ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო. დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო დასასვენებელი სკვერი და დამონტაჟდა გარე–განათების სისტემა. შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა  მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ.
გიგი უგულავა: ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შემდგომში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. შხვადასხვა რეგიონის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როდის იქნება მათთანაც პოლიციის ახალი შენობები. ეს აზროვნების სრულიად ახალი წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება.