Saturday, January 29, 2011

თბილისის მერი ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით თბილისში ოფიციალური ვიზიტით ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი იმყოფება.

მარიუს ვიზერი დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიუტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ. გიგი უგულავამ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს მარიუს ვიზერს 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მარიუს ვიზერი თბილისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და ოლიმპიადისთვის სამზადისის პროცესს გაეცნობა. ამასთან, მარიუს ვიზერი 29-30 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშებას დაესწრება.
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთანაც გამართავს.

გიგი უგულავა: თითოეული ეს ღონისძიება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას თბილისი მსოფლიო ქალაქების სპორტულ რუქაზე წარმოვადგინოთ როგორც ისეთი ქალაქი, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს, უმასპინძლოს და უმაღლეს დონეზე ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მე ასევე მინდა ავხსნა, რომ თითოეულ ღონისძიებას ცალკე აღებულს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ერთობლიობაში საერთო ჯამში ქმნის ქალაქის იმიჯს. იმიტომ რომ ქალაქს, როგორც ადამიანს აქვს ბიოგრაფია და ამა თუ იმ ქალაქის სპორტული ბიოგრაფია განიზომება სწორედ იმითი, თუ რა ტურნირები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები აქვს ჩატარებული. ამ თვალსაზრისით თბილისი ნელ-ნელა იკრებს ძალებს და ჩვენ მრავალი საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელსაც საზოგადოებას მალე წარვუდგენთ. თბილისი დაიკავებს იმ ქალაქების რიგში საპატიო ადგილს, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა უმასპინძლოს ძალიან მაღალი დონის ტურნირებს, რაც საბოლოო ჯამში თბილისის და ყველა თბილისელის კეთილდღეობაზე აისახება.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში კრწანისში დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

 ეკონომიკის სტიმულირების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაწყებული, თბილისის მერიის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ქალაქში წარმატებით ხორციელდება.

თბილისის მერი გიგი უგულავამ პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „კერა +“ მიერ, კრწანისში დასრულებული მშენებლობი დაათვალიერა და იმ ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ახალი, კომფორტული ბინებით დაკმაყოფილდნენ. სამშენებლო კომპანია „კერა+“–მა “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში, კრწანისში 3 255 კვ.მეტრ ტერიტორიაზე, ექვს სართულიანი სახლის მშენებლობა დაასრულა.კომპანიამ ნადიკვარისა და ნიორაძის ქუჩებზე ავარიულ და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ოთხი ოჯახი ახალი, კომფორტული ბინებით დააკმაყოფილა. მათ გარდა ახალი ბინებით დაკმაყოფილდა ასევე ის 52 ოჯახი, რომლებმაც სამშენებლო კომპანიისგან სახლები რამოდენიმე წლის წინ შეიძინეს და მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. თანამედროვე დიზაინის კორპუსებში დამონტაჟდა პანორამული ლიფტები, სადარბაზოები მოპირკეთდა კერამო–გრანიტის ფილებით და ეზო კეთილმოეწყო.აღნიშნული მშენებლობის დასასრულებლად „კერა +“–ს “საქართველოს ბანკმა” „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 586 000 დოლარის ოდენობით სესხი გამოუყო.Gმშენებლობაზე 100 ადამიანი დასაქმდა. პროექტი, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა, ავარიული საბინაო ფონდის გაუმჯობესება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ეკონომიკის სტიმულირებაა გრძელდება. თბილისის მერიამ პროექტის მეორე ეტაპში გამარჯვებული ცხრა სამშენებლო კომპანია ივლისში გამოავლინა. ისინი ორი წლის განმავლობაში 223 ოჯახს ახალი ბინებით დააკმაყოფილებენ. “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მესამე ეტაპს თბილისის მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

გიგი უგულავა: პროგრამის ფარგლებში ამ კონკრეტულ კორპუსში ძველ თბილისში მცხოვრები ოთხი ოჯახი მიიღებს ბინას. ასევე ახალ ბინებს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომლებმაც სახლები ადრე იყიდეს და მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. ამ პროგრამის ორმაგი ეფექტი სწორედ ეს არის, რომ გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პროგრამაში და ამით საცხოვრებელ პირობებს იუმჯობესებენ, ასევე ბინებით კმაყოფილდება ის ოჯახებიც, რომლებიც სამშენებლო კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულებას ელოდნენ. პროგრამა გრძელდება და ის საკმაოდ მნიშველოვანია თბილისის ეკონომიკისათვის.

Friday, January 28, 2011

თბილისის მერმა გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც მუდმივ საცობებს ქმნის.

ამ ეტაპზე გელოვანის გამზირის ბოლოს დამატებითი გზის საყრდენი კედლის მშენებლობა და გვირაბის სანიაღვრე კოლექტორისა და სადრენაჟო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ასევე დავით აღმაშენებლის ძეგლს. 95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი და შესაძლებელი გახდება მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს.
გვირაბის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

გიგი უგულავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიდის ქალაქში. ეს კვანძი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო თვალსაზრისით. დაიწყო ახალი გვირაბის მშენებლობა, რომელიც არსებითად განტვირთავს ქალაქის ამ მონაკვეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერიტორია არის ძალიან აქტიური არქეოლოგიურო ზონა, ამიტომ ჩვენ არქეოლოგიის სპეციალისტებთან ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე ზედმეტი ჩარევა და დაზიანება და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ამ გვირაბმა გარკვეულწილად საგანმანათლებლო ფუნქციაც შეიძინოს, ანუ შეიძლება გაკეთდეს სპეციალური ადაპტირებული სტელაჟები, რომლითაც გაიგებ თუ რა ადგილია ეს, იმიტომ რომ ბევრმა აქ მცხოვრებმაც შეიძლება არ იცოდეს. ეს მართლაც ძალიან აქტიური ზონა არის და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ადრეული თბილისის ისტორიისთვის და არა მარტო თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

Thursday, January 27, 2011

თბილისის მერი ლეღვთახევის განვითარების გეგმას ადგილზე გაეცნო

თბილისის მერია “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში ლანდშაფტური არქიტექტურითა და უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული ადგილის – ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ბილიკები, ღია კაფე–ბარები და მდინარეზე აიგება მცირე ზომის ხიდები, რაც გააადვილებს ხევში არსებულ ჩანჩქერამდე მისვლას. ლეღვთახევზე გადმოკიდებულ სახლებში, მერიის პროგრამით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას ქმნის იქ საოჯახო სასტუმროები და რესტორნები მოეწყოს და ახალი სამუშაო ადილები შეიქმნას.



პროექტის დასრულების შემდეგ, ლეღვთახევი მრავალფუნქციური უბანი გახდება და თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქალაქის უძველეს უბანში, უნიკალურ ადგილას შეძლებენ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას. თბილისის მერი გიგი უგულავა ლეღვთახევის განვითარების გეგმას ადგილზე გაეცნო.ძველი თბილისი, მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი არქიტექტურულ-ურბანული და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ინდივიდუალური ლანდშაფტური არქიტექტურით გამოირჩევა.
ასეთი ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლია: ლეღვთახევი, რომელიც ძველი ქალაქის შუაგულში _ ჭრელი აბანოების უკან მდებარეობს და როგორც საარქივო ფონდში არსებულ დოკუმენტებში და ფოტოებშია აღბეჭდილი, წინა სააუკუნეებში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ძველი ქალაქის ცხოვრებაში.
ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამის კონცეპტუალური იდეის მთავარი მიზანი, ამ უნიკალური გარემოს ძველი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ქცევაა.
მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ხასიათის მინიჭება, დასასვენებელი ადგილებისა და მდინარეზე მცირე ზომის ხიდების მოწყობა, რაც გააადვილებს ქვედა ჩანჩქერამდე მისვლას და ხევის მხრიდან კლდეზე გადმოკიდებული სახლების დათვალიერებას. Yყოველივე ეს კი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს ქალაქიდან გაუსვლელად, ცენტრალურ უბანში უნიკალურ კლიმატურ პირობებში დაისვენონ და ის არქიტექტურული დეტალები დაათვალიერონ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ მიდამოებში (თიხის წყალსადენი მილების ნარჩენები, აგურისა და ქვის კედლები და ა.შ.).
ლეღვთახევზე გადმოკიდებულ სახლებში, მერიის პროგრამით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას ქმნის იქ საოჯახო სასტუმროები და რესტორნები მოეწყოს. შესაბამისი საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ლეღვთახევი მრავალფუნქციური უბანი გახდება, მოეწყობა მცირე ავტოსადგომი, კაფეები და დასასვენებელი ადგილები.
ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისელები და მისი სტუმრები ძველ თბილისში ულამაზეს დასასვენებელ ადგილს მიიღებენ.

გიგი უგულავა: ჩვენ ვიწყებთ რესტავრაციას, რომელიც მოიცავს თავის თავში ამ ხეობის რეკრეაციული ფუნქციის გაძლიერებას, ანუ ეს გახდება მოქალაქეებისთვის, ფეხით მოსეირნეებისთვის კარგი დასასვენებელი ადგილი, ისევე როგორც რესტავრაციას ყველა მიმდებარე ავარიული სახლის და საბოლოო ჯამში ჩვენ აქ მივიღებთ ერთ კიდევ ლამაზ და კარგ უბანს. რაც მთავარია უკვე დაიწყო ის პროცესი, რომ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროგრამის შემდეგ ბევრმა მეპატრონემ თავისი საკუთრების კომერციალიზაცია. მე რამდენადაც ვიცი უკვე ოთხი – ხუთი პატარა ახალი სასტუმროა გახსნილი, რაც ბუნებრივია ამ ხალხისთვის დამატებით შემოსავალია და ყველაფერი ეს უწყობს ხელს თბილისის როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

Wednesday, January 26, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ვაზისუბნის მუნიციპალიტეტში ”თბილისელების ადვოკატის” წარმომადგენლების მუშაობას გაეცნო

თბილისის მერიის პროექტი “თბილისელების ადვოკატი” ქალაქის მუნიციპალიტეტებსა და ბაზრობებზე, ერთი წელია წარმატებით ხორციელდება. პროექტი მოქალაქეებისთვის უფასო, სწრაფ და კვალიფიციურ სამართლებრივ მომსახურებას ისახავს მიზნად.

”თბილისელების ადვოკატის” საშუალებით პირველად შეიქმნა უფასო იურიდიული მომსახურების პრეცედენტი. პროექტის დაწყებიდან დღემდე ”თბილისელების ადვოკატის” წარმომადგენლებმა 15 000-მდე თბილისელს სხვადასხვა სახის სამართლებრივი დახმარება გაუწიეს. თბილისის მერი გიგი უგულავა ვაზისუბნის მუნიციპალიტეტში ”თბილისელების ადვოკატის” წარმომადგენლების მუშაობას გაეცნო და რაიონის სტრუქტურულ ერთეულში მისულ მოქალაქეებს იურისტებთან ერთად სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია.ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი და საჭიროებს იურიდიულ დახმარებას შეუძლია ”თბილისელების ადვოკატს” მიმართოს და უფასოდ მიიღოს კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისის მერიამ გასულ წელს ქალაქის 30 რაიონულ მუნიციპალიტეტში და ქალაქში არსებულ ბაზრობებზე დაიწყო.”თბილისელების ადვოკატის” წარმომადგენლებმა პროექტის დაწყებიდან დღემდე 15 000–მდე თბილისელს უძრავი ქონების ლეგალიზაციის, ბინების პრივატიზაციის, საკუთრების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, კერძო კომპანიებთან არსებულ კომუნალურ და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, უკვე გაუწიეს კონსულტაცია. ”თბილისელების ადვოკატის” დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს სასამართლო დავების განხილვა სხვადასხვა საკითხებზე. სასამართლოში წარდგენილი სარჩელების მნიშვნელოვანი ნაწილი მოქალაქეებისთვის დადებითად გადაწყდა და ისინი 60 000 ლარის ოდენობის ჯარიმებისაგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული დავები წარმოადგენდა, მოქალაქეების მიერ აღძრულ დავებს, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაში. პროექტი გრძელდება, შესაბამისად ნებისმიერ თბილისელს შეუძლია სახლთან ახლოს უფასო იურიდიული დახმარება მიიღოს და მისთვის აქტუალური საკითხები კომპეტენტურ სპეციალისტებთან გაარკვიოს.

გიგი უგულავა: ქვეყანა მიდის, ვითარდება, შესაბამისად შეიძლება ბევრი რამე სწრაფად გაკეთდეს და ამით ადამიანების უფლება შეილახოს. სამწუხაროდ ამისგან დაზღვეული არ ვართ. ამიტომ ჩვენთან უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ ადამიანს იურიდიული დახმარება უფასოდ გაეწიოს და სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი თბილისელების ადვოკატი. დაახლოებით 15 000 საქმე უკვე განხილულია. მთავარია, რომ მოქალაქემ თავი იგძნოს დაცულად. ამით ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ ერთის მხრივ სამართლიანობას და მეორეს მხრივ სტაბილურობას. ეს პროექტი მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მერიის პროგრამა მოქალაქეს შეუძლია არ მოსწონდეს მერიის გადაწყვეტილება და მერიის წინააღმდეგაც შეიტანოს სარჩელი.სასამართლომ ამის შესახებ უნდა იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.

Tuesday, January 25, 2011

გიგი უგულავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის N1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმებს შეხვდნენ

ზამთრში ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დაავადებათა რაოდენობა მატულობს. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დროული დიაგნოსტიკა, ვირუსული დაავადებების გამწვავების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.

თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება.

800-მდე უბნისა და ოჯახის ექიმს თბილისის მერია ეპიდ–საშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას დაუნიშნავს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებს. თბილისის მერი გიგი უგულავა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმებს შეხვდნენ და აღნიშნულ სიახლეს პირდად გაეცნენ.პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს ექნებათ დამატებითი სტიმული, რათა ნებისმიერ პაციენტს უკეთ მოემსახურონ.

გიგი უგულავა: მე მინდა მივმართო თბილისელებს და ვთხოვო საჭიროების შემთხვევაში ვისარგებლოთ უბნის პოლიკლინიკებით და თბილისში მოქმედ ყველა 60 პოლიკლინიკაზე გავრცელდება ეს პროგრამა. შედეგად მომსახურება იქნება უფრო ხარისხიანი, მოსახლეობისთვის ის იქნება უფასო, მათ არ დაჭირდებათ საავადმყოფოში წასვლა. ამითი ჩვენ შევძლებთ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მომსახურების ხარისხი და სისწრაფე და მეორეს მხრივ, ისე ვმართოთ პროცესი.

Tuesday, January 11, 2011

გიგი უგულავამ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა და თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში თბილისის მერიის დასაქმების პროგრამის ფარგლებში 28 ადამიანი დასაქმდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდნენ.

თბილისის მერიის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და თბილისელების დასაქმებაა. ამ მიზნით, მერიაში დასაქმების მსურველთა ბაზა შეიქმნა, რომელიც ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თბილისის მერია თანამშრომლობს, როგორც კერძო სექტორთან, ისე სახემწიფო სტრუქტურებთან და დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ თბილისელებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. გაფორმების ეკონომიკური ახალი ზონა, 12 ჰექტარზეა გაშენებული და ის ექსპლუატაციაში დეკემბერში შევიდა. აღნიშნული პირები “გეზში” ყოველდღიურად, ასობით იმპორტიორს ემსახურებიან და უმოკლეს ვადებში ტვირთის შემოწმებასა და გაფორმებაზე მუშაობენ.

მერიის დასაქმების პროგრამა გრძელდება და ამ ეტაპზე ორასამდე თბილისელი უკვე დასაქმდა. დასაქმების ბაზის განახლება ყოველდღიურად მიმდინარეობს. დამსაქმებელი კომპანიები ვაკანსიების შესახებ, ინფორმაციას თბილისის მერიას აწვდიან და კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან არჩევენ. ყოველივე ეს საუკეთესო მაგალითია კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობისა, რომლის შედეგად კიდევ უფრო მეტი თბილისელი დასაქმდება.

გიგი უგულავა: ჩვენი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, არამარტო კერძო, არამედ სახელმწიფო ორგანიზაციებშიც საქმდებიან ადამიანები. აქ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 28 ადამიანი დასაქმდა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ვიყოთ გზა და ხიდი დამსაქმებლებსა და იმ ადამიანებსა შორის, რომლებსაც სამსახურის დაწყება უნდათ. ჩვენი პროგრამა გრძელდება, ჩვენს მონაცემთა ბაზაში სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია უმუშევარი თბილისში. უახლოეს მომავალში თბილისის გარდა ფოთში და ბათუმშიც ამოქმედდება „გაფორმების ეკონომიკური ზონა“, რაც ჩვენი რეფორმების ერთ–ერთი ის ნაწილია და ის ბიუროკრატიისა და საქმისწარმოების გამარტივებას გულისხმობს. საბაჟო იყო ყველაზე რთული და მოუხელთებელი პრობლემა წლების განმავლობაში და მე მიხარია, რომ ცვლილებები სისტემურია და მალე ეს პრობლემა ისევე ჩაბარდება წარსულს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ– ბიუროკრატიული ბარიერი, რამაც განაპირობა ეკონომკური სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის ძალიან ნიშვნელოვანია. აქ ძალიან ბევრი თბილისელია დასაქმებული, აქვთ ხელფასი და შესაძლებლობა ოჯახი შეინახონ პატიოსანი შრომით.

Saturday, January 8, 2011

გიგი უგულავამ თბილისის შემოვლითი გზის მე-9 კილომეტრზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფატსრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თბილისის შემოვლითი გზის მე-9 კილომეტრზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს. თბილისის შემოვლითი გზის მე-9 კილომეტრზე 2010 წელს სტიქიის შედეგად, დაზიანებული 50 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღდგენითი სამუშაოები აგვისტოში დაიწყო.

პროექტის მიხედვით აღდგა ესტაკადის 2 მალი, აშენდა 21 მეტრიან ხიმინჯებზე მოწყობილი ახალი ბურჯი, დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და შეიღება მოაჯირები. ასევე მდინარის კალაპოტში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

გიგი უგულავა: ალბათ სოფელი გლდანის და ზოგადად ყველა თბილისელისთვის ეს კარგი საშობაო საჩუქარია, რადგან შარშან გვახსოვს, რომ მოხდა უბედური შემთხვევა, წყალდიდობის დროს ეს და მომიჯნავე მეორე ხიდი ჩაინგრა, ყოველივე ამას კი ორი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ეს ხიდი აღდგენილია, თბილისისთვის მას დიდი ნიშვნელობა აქვს, რადგან სატრანზიტო მოძრაობა ქალაქში ხორციელდებოდა, შესაბამისად თბილისი დაიტვირთა გამჭოლი ტრაილერებით. ამ ხიდს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში, სახლში მისვლა შემოვლით გზებით უწევდათ. ამ გზის გახსნა მნიშვნელოვანია ყველა თბილისელისთვის, ყველა ავტომოყვარულისთვის, იმიტომ რომ ქალაქი კიდევ უფრო განიტვირთება, რაც ჯდება იმ კონტექსტში, რასაც ქალაქში საცობებთან ბრძოლა ხდება.

Friday, January 7, 2011

გიგი უგულავამ სომეხ ერს შობის დღესასწაული მიულოცა

სომხური სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ნათლისღებას აღნიშნავს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა სომეხ ერს სურბ ეჩმიაძინის ეკლესიაში შობის დღესასწაული მიულოცეს და საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ. 

წირვის დასრულების შემდეგ, გიგი უგულავა და ზაალ სამადაშვილი სამღებროს ქუჩაზე მდებარე სომხური კათედრალური ტაძრის ეზოში გამართულ სახალხო დღესასწაულს ეწვივნენ, რომელშიც სომხური ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ და საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენდნენ.

გიგი უგულავა: მინდა ყველა სომეხს მოვულოცო შობის დრესასწაული, განსაკუთრებით ჩვენ თანამოქალაქე სომხებს. ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა ეფუძნება იმ დიდ დიასპორას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ეს ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ქმნის დოვლათს ყველა სხვა ეროვნებებთან ერთად და არიან ჩვენი ქვეყნის უბადლო მოქალაქენი. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან პრაქტიკულ სივრცეშიც თვალნათელია. 2010 წლის სტატისტიკი მიხედვით, საქრთველოში შემოსული ვიზიტორებიდან ნახევარზე მეტი არის ჩვენი მოძმე სომხები, სწორედ ეს არის მიშვნელოვანი, მიმოსვლა, ტურიზმი, ვაჭრობა, საერთო კულტურული სივრცე. მე მინდა მივულოცო სომეხ ხალხს შობა, განსაკუთრებით თბილისში მცხოვრებ სომხებს, ისინი არიან ყველაზე უნიკალური შემადგენელი ნაწილი ჩვენი ქალაქის, რომელიც საუკუნეებს ითვლის, თავისი მრავალეთნიკურობითა და მულტიკულტურით, სწორედ ამას ქმნიან ისინი სხვა ერებთან ერთად, აზერბაიჯანელებთან, ებრაელებთან ერთად.

Thursday, January 6, 2011

თბილისის მერმა “ვარდების ბაღში” განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ “ვარდების ბაღში” განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმას ადგილზე გაეცნო. დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “ვარდების ბაღის” რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. სხვადასხვა კულტრული ღონისძიებების ჩასატარებლად უკვე აღდგა არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზი, შენდება ღია კინო-თეატრი, კაფე-ბარები, სავაჭრო და კვების ობიექტები, მოეწყობა პარკირების ადგილები, ტერიტორია გამწვანდება და თბილისელები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ თავისუფალი დროის გატარებას. “ვარდების ბაღის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,მეიდან ჯგუფი” ახორციელებს. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა–ნაგებობების სრულ აღდგენა–რესტავრაციასა და ბაღის ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე დახურული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა და იქ სემინარების, კონფერენციების, სატელევიზიო შოუების, კორპორატიული საღამოების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების, ოფიციალური მიღებებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. “ვარდების ბაღის” სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება და თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი შეემატება.

გიგი უგულავა: ეს შენობა „ვარდების ბაღში“ ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ძეგლია, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი ნახატების მიხედვით მოხდა მისი რესტავრირება და ერთობლიობაში, ეს ბაღი გახდება ბავშვების საყვარელი ადგილი. თებერვალში უკვე ბავშვთა სამყაროც შევა ექსპლუატაციაში, აშენდება 250 მანქანის სადგომი და მთლიანად ეს ბაღი მიიღებს იმ სახეს, რა სახეც ჰქონდა მას მე–19 საუკუნეში. ეს ყველაფერი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ფარგლებში, ვინაიდან პროექტის მიხედვით აღმაშენებლის გამზირზე იქნება ხუთი ესეთი ტიპის ბაღი, რომელთა რესტავრაციაც მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ აქტიური სავაჭრო ფუნქციისა და პარალელურად ძალიან დიდი კულტურული პოტენციალის მქონე ქუჩას. პრქტიკულად ეს რაიონი იქნება ერთგავარი, ლონდონის მაგალითზე, რომ ვთქვათ ე.წ. „სოჰო“, აქტიური სავაჭრო და კულტურული ადგილი, სადაც 24 საათის განმავლობაში ირევა ხალხი და ცხოვრება ჩქეფს.

Wednesday, January 5, 2011

თბილისის მერია სკვერების რეაბილიტაციის პროექტს განაგრძობს

თბილისის მერია სკვერების რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში 2011 წელს ქალაქს კიდევ არაერთი კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატება.

თბილისის მერმა გლდანი-ნაძალადევის რაიონში სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სკვერი მოინახულა, სადაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის ძეგლი დაიდგა. იქვე გიგი უგულავა ავჭალის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს 2011 წლის დადგომა მიულოცა. თბილისის მერია ქალაქში არსებული სკვერების აღდგენა-რეაბილიტაციას განაგრძობს. პროექტის ფარგლებშიUუკვე აღდგენილია 30 სკვერი, სადაც თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფალი დრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გაატარონ. დავით სარაჯიშვილის სახელობის სკვერი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელსაც რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სკვერში ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწისა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის დავით სარაჯიშვილის ძეგლი განთავსდა, რომელმაც ადგილი რიყეზე მიმდინარე კომპლექსური დასასვენებელი ზონის მშენებლობის გამო შეიცვალა. სკვერის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ორიგინალური დიზაინის საბაღე ინვენტარი, თანამედროვე დეკორატიული განათება, უახლესი ტექნოლოგიით მოწყობილი ბეჭდური ბეტონის ფილების საფარი და მრავალფეროვანი გამწვანება სასიამოვნო დასასვენებელ გარემოს ქმნის. სკვერში დამონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონები სკვერების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისს აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის უკან მდებარე ე.წ. “გოფილექტის სკვერი” შეემატება, სადაც მრავალფუნქციური საზოგადოებრივი, გასართობ-შემეცნებითი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სკვერის ტერიტორია ათეულობით სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდება.

გიგი უგულავა: აქ, ავჭალაში სარაჯიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში გადმოტანილ იქნა დავით სარაჯიშვილის ძეგლი, რაც ფუნქციურად გამართლებულია. ამ სკვერს, ისევე როგორც თბილისის სხვა საუბნო სკვერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის. დასასვენებელი სკვერები და პარკები წლის ნებისმიერ დროს სავსეა ხალხით, ამიტომ ჩენ კიდევ გვაქვს გეგმა, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ყველა დასასვენებელი ადგილი, და ეს სკვერი ავჭალისთვის ამ თვალსაზრისით ძალიან დამახასიათებელი იყო. გაისად გვინდა, რომ ასეთ სკვერებში დავამონტაჟოთ Wireless – ის სისტემა და ნებისმიერ მსურველს უფასო ინტერნეტის სარგებლობის საშუალება ჰქონდეს. თბილისელებს და ესეც კარგი სიახლე იქნება და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თბილისის სკვერებს.