Friday, January 28, 2011

თბილისის მერმა გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც მუდმივ საცობებს ქმნის.

ამ ეტაპზე გელოვანის გამზირის ბოლოს დამატებითი გზის საყრდენი კედლის მშენებლობა და გვირაბის სანიაღვრე კოლექტორისა და სადრენაჟო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა ასევე დავით აღმაშენებლის ძეგლს. 95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი და შესაძლებელი გახდება მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს.
გვირაბის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

გიგი უგულავა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიდის ქალაქში. ეს კვანძი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო თვალსაზრისით. დაიწყო ახალი გვირაბის მშენებლობა, რომელიც არსებითად განტვირთავს ქალაქის ამ მონაკვეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერიტორია არის ძალიან აქტიური არქეოლოგიურო ზონა, ამიტომ ჩვენ არქეოლოგიის სპეციალისტებთან ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე ზედმეტი ჩარევა და დაზიანება და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ამ გვირაბმა გარკვეულწილად საგანმანათლებლო ფუნქციაც შეიძინოს, ანუ შეიძლება გაკეთდეს სპეციალური ადაპტირებული სტელაჟები, რომლითაც გაიგებ თუ რა ადგილია ეს, იმიტომ რომ ბევრმა აქ მცხოვრებმაც შეიძლება არ იცოდეს. ეს მართლაც ძალიან აქტიური ზონა არის და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ადრეული თბილისის ისტორიისთვის და არა მარტო თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

No comments:

Post a Comment