თბილისის მერია “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში ლანდშაფტური არქიტექტურითა და უნიკალური კლიმატური პირობებით გამორჩეული ადგილის – ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ბილიკები, ღია კაფე–ბარები და მდინარეზე აიგება მცირე ზომის ხიდები, რაც გააადვილებს ხევში არსებულ ჩანჩქერამდე მისვლას. ლეღვთახევზე გადმოკიდებულ სახლებში, მერიის პროგრამით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას ქმნის იქ საოჯახო სასტუმროები და რესტორნები მოეწყოს და ახალი სამუშაო ადილები შეიქმნას.
პროექტის დასრულების შემდეგ, ლეღვთახევი მრავალფუნქციური უბანი გახდება და თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქალაქის უძველეს უბანში, უნიკალურ ადგილას შეძლებენ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას. თბილისის მერი გიგი უგულავა ლეღვთახევის განვითარების გეგმას ადგილზე გაეცნო.ძველი თბილისი, მისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი არქიტექტურულ-ურბანული და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ინდივიდუალური ლანდშაფტური არქიტექტურით გამოირჩევა.
ასეთი ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლია: ლეღვთახევი, რომელიც ძველი ქალაქის შუაგულში _ ჭრელი აბანოების უკან მდებარეობს და როგორც საარქივო ფონდში არსებულ დოკუმენტებში და ფოტოებშია აღბეჭდილი, წინა სააუკუნეებში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ძველი ქალაქის ცხოვრებაში.
ლეღვთახევის რეაბილიტაციის პროგრამის კონცეპტუალური იდეის მთავარი მიზანი, ამ უნიკალური გარემოს ძველი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ქცევაა.
მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ხასიათის მინიჭება, დასასვენებელი ადგილებისა და მდინარეზე მცირე ზომის ხიდების მოწყობა, რაც გააადვილებს ქვედა ჩანჩქერამდე მისვლას და ხევის მხრიდან კლდეზე გადმოკიდებული სახლების დათვალიერებას. Yყოველივე ეს კი თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს ქალაქიდან გაუსვლელად, ცენტრალურ უბანში უნიკალურ კლიმატურ პირობებში დაისვენონ და ის არქიტექტურული დეტალები დაათვალიერონ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ამ მიდამოებში (თიხის წყალსადენი მილების ნარჩენები, აგურისა და ქვის კედლები და ა.შ.).
ლეღვთახევზე გადმოკიდებულ სახლებში, მერიის პროგრამით სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას ქმნის იქ საოჯახო სასტუმროები და რესტორნები მოეწყოს. შესაბამისი საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ლეღვთახევი მრავალფუნქციური უბანი გახდება, მოეწყობა მცირე ავტოსადგომი, კაფეები და დასასვენებელი ადგილები.
ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისელები და მისი სტუმრები ძველ თბილისში ულამაზეს დასასვენებელ ადგილს მიიღებენ.
გიგი უგულავა: ჩვენ ვიწყებთ რესტავრაციას, რომელიც მოიცავს თავის თავში ამ ხეობის რეკრეაციული ფუნქციის გაძლიერებას, ანუ ეს გახდება მოქალაქეებისთვის, ფეხით მოსეირნეებისთვის კარგი დასასვენებელი ადგილი, ისევე როგორც რესტავრაციას ყველა მიმდებარე ავარიული სახლის და საბოლოო ჯამში ჩვენ აქ მივიღებთ ერთ კიდევ ლამაზ და კარგ უბანს. რაც მთავარია უკვე დაიწყო ის პროცესი, რომ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროგრამის შემდეგ ბევრმა მეპატრონემ თავისი საკუთრების კომერციალიზაცია. მე რამდენადაც ვიცი უკვე ოთხი – ხუთი პატარა ახალი სასტუმროა გახსნილი, რაც ბუნებრივია ამ ხალხისთვის დამატებით შემოსავალია და ყველაფერი ეს უწყობს ხელს თბილისის როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად დამატებით შემოსავალს ნიშნავს.
No comments:
Post a Comment