Saturday, January 29, 2011

თბილისის მერი ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით თბილისში ოფიციალური ვიზიტით ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი იმყოფება.

მარიუს ვიზერი დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიუტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ. გიგი უგულავამ ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს მარიუს ვიზერს 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მარიუს ვიზერი თბილისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და ოლიმპიადისთვის სამზადისის პროცესს გაეცნობა. ამასთან, მარიუს ვიზერი 29-30 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშებას დაესწრება.
ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთანაც გამართავს.

გიგი უგულავა: თითოეული ეს ღონისძიება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას თბილისი მსოფლიო ქალაქების სპორტულ რუქაზე წარმოვადგინოთ როგორც ისეთი ქალაქი, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს, უმასპინძლოს და უმაღლეს დონეზე ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მე ასევე მინდა ავხსნა, რომ თითოეულ ღონისძიებას ცალკე აღებულს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ერთობლიობაში საერთო ჯამში ქმნის ქალაქის იმიჯს. იმიტომ რომ ქალაქს, როგორც ადამიანს აქვს ბიოგრაფია და ამა თუ იმ ქალაქის სპორტული ბიოგრაფია განიზომება სწორედ იმითი, თუ რა ტურნირები და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები აქვს ჩატარებული. ამ თვალსაზრისით თბილისი ნელ-ნელა იკრებს ძალებს და ჩვენ მრავალი საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელსაც საზოგადოებას მალე წარვუდგენთ. თბილისი დაიკავებს იმ ქალაქების რიგში საპატიო ადგილს, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა უმასპინძლოს ძალიან მაღალი დონის ტურნირებს, რაც საბოლოო ჯამში თბილისის და ყველა თბილისელის კეთილდღეობაზე აისახება.

No comments:

Post a Comment