Thursday, January 6, 2011

თბილისის მერმა “ვარდების ბაღში” განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ “ვარდების ბაღში” განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმას ადგილზე გაეცნო. დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “ვარდების ბაღის” რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. სხვადასხვა კულტრული ღონისძიებების ჩასატარებლად უკვე აღდგა არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზი, შენდება ღია კინო-თეატრი, კაფე-ბარები, სავაჭრო და კვების ობიექტები, მოეწყობა პარკირების ადგილები, ტერიტორია გამწვანდება და თბილისელები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ თავისუფალი დროის გატარებას. “ვარდების ბაღის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,მეიდან ჯგუფი” ახორციელებს. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა–ნაგებობების სრულ აღდგენა–რესტავრაციასა და ბაღის ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულდა არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე დახურული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა და იქ სემინარების, კონფერენციების, სატელევიზიო შოუების, კორპორატიული საღამოების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების, ოფიციალური მიღებებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. “ვარდების ბაღის” სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება და თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი შეემატება.

გიგი უგულავა: ეს შენობა „ვარდების ბაღში“ ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ძეგლია, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი ნახატების მიხედვით მოხდა მისი რესტავრირება და ერთობლიობაში, ეს ბაღი გახდება ბავშვების საყვარელი ადგილი. თებერვალში უკვე ბავშვთა სამყაროც შევა ექსპლუატაციაში, აშენდება 250 მანქანის სადგომი და მთლიანად ეს ბაღი მიიღებს იმ სახეს, რა სახეც ჰქონდა მას მე–19 საუკუნეში. ეს ყველაფერი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ, დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ფარგლებში, ვინაიდან პროექტის მიხედვით აღმაშენებლის გამზირზე იქნება ხუთი ესეთი ტიპის ბაღი, რომელთა რესტავრაციაც მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ აქტიური სავაჭრო ფუნქციისა და პარალელურად ძალიან დიდი კულტურული პოტენციალის მქონე ქუჩას. პრქტიკულად ეს რაიონი იქნება ერთგავარი, ლონდონის მაგალითზე, რომ ვთქვათ ე.წ. „სოჰო“, აქტიური სავაჭრო და კულტურული ადგილი, სადაც 24 საათის განმავლობაში ირევა ხალხი და ცხოვრება ჩქეფს.

No comments:

Post a Comment