Thursday, June 30, 2011

თბილისის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას იწყებს


მოქალაქეთა კომფორტულად გადაადგილებისა და უსაფრთხოების მიზნით, თბილისის მერია დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობას იწყებს. თბილისის მერიამ ქალაქში არსებული 
35 მიწისქვეშა გადასასვლელი 10 ლოტად დაყო და იჯარით გაცემის მიზნით აუქციონზე გაიტანა. აუქციონში გამარჯვებულებს მიწისწვეშა გადასასვლელები 10 წლიანი იჯარით გადაეცემათ.
მოიჯარე ვალდებულია მიწისქვეშა გადასასვლელში სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განათავსოს, განახორციელოს იჯარით აღებული ქონებისმოვლა-პატრონობა, უზრუნველყოს მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელებისა და შიდა საზოგადოებრივი სივრცის აღდგენა-რეაბილიტაცია. 
მიწისქვეშა გადასასვლელბის რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეებისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. მიწისქვეშაგადასასვლელების იჯარით გაცემა ასევე ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.




Tuesday, June 28, 2011

თბილისის მერმა მუხიანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

მუხიანში  ჟვანიას ქუჩაზე უხვი ნალექების გამო მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე კოლექტორი. ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზის მონაკვეთი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.თბილისის მერიამ გზის საფარისა და კოლექტორის აღდგენა ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაიწყო. პირველ ეტაპზე  კოლექტორის პროექტირება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  გზის 150 მეტრინ მონაკვეთზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, ხოლო ორი კილომტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა. კოლექტორის აღდგენა ერთ თვეში დასრულდება. მუხიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: შემოერთებულ ტერიტორიებსა და სოფლებში გამსაკუთრებით პრობლემურია სტიქიის შემოტევა იმიტომ, რომ საქალაქო ინფრასტრუქტურა აქ არ არსებობს. ეს დასახლება წლების განმავლობაში უფრო სააგარაკო იყო და ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად არის განვითარებული. არ არის სანიაღვრე სისტემა, გზა, წყლისა და საკანალიაციო სისტემა ახლა გაგვყავს, გარე განათება და დასუფთავება უკვე შემოვიდა და ასე ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ აღარ იყოს განსხვავება თავად მუხიანსა და მუხიანის დაჩებს შორის. სტიქიამ განსაკუთრებით ეს ნაწილი დააზარალა, დაზიანდა ცენტრალური კოლექტორი, რამაც მოსახლეობის დატბორვა გამოიწვია. ამ ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეწიათ და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში ეს პრობლემები მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება.

Friday, June 24, 2011

გიგი უგულავამ “ალტას” ახალი მაღაზია დაათვალიერა


კომპანია „ალტამ“ვარკეთილში ახალი ფორმატის მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება კომპიუტერული და ციფრული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.კომპანია „ალტამ“ რებრენდინგის პროცესი დაასრულა, ვიზუალურად შეიცვალა კორპორატიული სტილი, ასევე მაღაზიათა ქსელი თვითმომსახურების ფორმატზე გადავიდა და მომხმარებელი სასურველი ელექტროტექნიკის შეძენისას დამატებით კომფორტს მიიღებს. თვითმომსახურების ფორმატი საგრძნობლად შეამცირებს ტექნიკის შესყიდვის დროს. ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ახალი მაღაზია თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალირა და წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო. ორ სართულიანი მაღაზია ერთდროულად 70-მდე ადამიანს მოემსახურება. ახალ ობიექტში 15 ადამიანი დასაქმდება.ამჟამად თბილისში „ალტას“ მაღაზიათა ქსელი ხუთ ობიექტს აერთიანებს და კომპანია მათი რაოდენობის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც ქალაქში სამუშაო ადგილებს შექმნის.
გიგი უგულავა: ნებისმიერი სიახლე, რომელიც დაკავშირებულია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ჩვენგან უნდა იყოს მხარდაჭერილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ უმუშევარი ადამიანების მონაცემები ქალაქში გახსნილ ახალ კომპანიებს შევთავაზოთ. ინტერვიუების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დასაქმდა და ამ კუთხით ვაპირებთ კომპანია "ალტასთან" თანამშრომლობას. სახელმწიფოს ფუნქცია საბოლოო ჯამში არის იყოს ხიდი, კერძო დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. 

Thursday, June 23, 2011

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება



აზიის განვითარების ბანკმა (აგბ), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში სხვადასხვა პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელების მიზნით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა.
სასტუმრო “რედისონში” აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
თბილისში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების შერჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის თანახმად მიმდინარეობს, რომლის შემუშავებაც 2010-2011 წლებში აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა ის ფაქტორი გამოავლინოს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ტრანსპორტის განვითარებას და შეიმუშაოს შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებები.
თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე ოცდაათამდე სატრანსპორტო პროექტი შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას.
აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა იმ პროექტების ნუსხა, რომელიც ბანკის მიერ, ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენია:
-გორგასლის გვირაბი, რომელიც ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება და სანაპიროს ბევრად უფრო გავლადს გახდის.
-მეტრო „უნივერსიტეტის“ სადგურის დასრულება – ობიექტის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და პროექტის განხორციელება ორ წელიწადში დასრულდება.
-თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაცია.
-სამანქანო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მაქსიმალურად განიტვირთება წერეთლის გამზირი.
გიგი უგულავა: დღეს ერთგვარი შეჯამებაა და მეორე ეტაპზე გადადის ყველა ის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია ვანხორციელებთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად. პირველი რაც მინდა ავღნიშნო არის ის, რომ აზიის განვითარების ბანკის დამფუძნებელმა ქვეყნებმა ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს ომის შემდეგ და ეს დახმარება იყო სწორედ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ საქართველოსთვის გაიღო რუსული აგრესიის შემდეგ. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელების სტადიაშია და 2014 წლამდე განხორციელდება. ეს არის გვირაბი გორგასალთან ანუ მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც მანქანებისგან განტვირთავს ძველ თბილისს და მას უფრო მყუდროს გახდის, ეს არის მეტრო უნივერსიტეტი, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არის დაკონსერვებული და 2014 წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში, ეს არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი, რითაც რუსთაველები და შესაბამისად თბილისელებიც ერთმანეთს დაუკავშირდებიან დაახლოებით 10 წუთში, ასევე სამანქანო ხიდი, რომელიც ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ აშენდება და საბურთალოს დააკავშირებს დიდუბესთან.
ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რეალურად კეთდება ერთი რამის გამო, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს დასაქმების ქალაქი. დასაქმების ქალაქი გახდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა იქნება გაუმჯობესებული, ინვესტიციები იქნება მოზიდული და შესაბამისად სამუშაო ადგილები იქნება შექმნილი. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და დღეს სწორედ ამ პროექტების განხილვა იქნება.

Monday, June 13, 2011

გიგი უგულავამ თბილისის ზღვაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა



თბილისის მერია თბილისის ზღვის გარშემო პრომენადის, ტურისტულ–სარეკრეაციო ბილიკების, საზოგადოებრივი სივრცეების რეკონსტრუქციისა და კეთილმოწობის პროექტის განხორციელებას იწყებს. ყოველივე ეს ტერიტორიის განვითარებასა და არსებული ეკოლოგიური ზონისთვის ტურისტული და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ფუნქციის მინიჭებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე ველოსიპედის სავალი გზა, საფეხმავლო და სარბენი ბილიკები მოეწყობა, რომელიც ბაზალტის ქვაფენილითა და სხვადასხვა ბუნებრივი მასალით მოპირკეთდება. ბილიკების გასწვრივ, განსაზღვრული ინტერვალებით სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნების, საჩრდილობლების, სკამების, ეკოტუალეტების, საფეხმავლო ხიდების, ავტოსადგომების, განათების თანამედროვე სისტემის, მოტივტივე ბაქნებისა და ნავმისადგომების მოწყობა იგეგმება. ასევე სრულად აღდგება არსებული ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი თემქის ამოსახვევიდან – ხუდადოვის ქუჩამდე არსებულ 5 400 მეტრიან სანაპირო ზოლს მოიცავს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის 1 200 მეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ასევე განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
თბილისის ზღვაზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.
გიგი უგულავა: თბილისის ზღვა არის რეკრიაციულ–დასასვენებელი ფუნქციის გამოუყენებელი უდიდესი პოტენციალი, რომელსაც ზაფხულობით განსაკუთრებით ბევრი თბილისელი სტუმრობს. ჩვენ გვინდა, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ის ბუნებრიობა, რაც აქ არის და მეორეს მხრივ ადამიანებისთვის ბევრად უფრო კომფორტული გავხადოთ აქ დასვენება. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნათ მთელი წრიული ბულვარი, რომლის პირველი ნაწილის მშენებლობა უკვე იწყება. ბულვარი მთლიანობაში ოცდასამნახევარი კილომეტრია, ანუ საკმაოდ დიდი მოცულობისაა და რაც მთავარია ძალიან მრავალფეროვანია. პრაქტიკულად ეს იქნება ერთ-რთი ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი. გარდა ამისა ვგეგმავთ, რომ აქ მოვაწყოთ ელემენტარული ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ ეს ადგილი უფრო საინტერესო გახდეს, არა მარტო ზაფხულში, არამედ წელიწადის სხვა დროსაც.

თბილისში სომხური კულტურის ცენტრი „ჰაიარტუნი“ გაიხსნა


თბილისის „სურბ ეჩმიაძინის“ სახელობის ეკლესიასთან სომხური კულტურის ცენტრი „ჰაიარტუნი“ გაიხსნა. ცერემონიას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერი კარენ კარაპეტიანი და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე დაესწრნენ. სომეხთა კულტურული ცენტრი მიზნად ისახავს სომხურ–ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ერის დაახლოებას.

გიგი უგულავა: თუ თბილისის კულტურაზე ვლაპარაკობთ, თბილისის კულტურის შემადგენელი ნაწილი, მისი შემქმნელი სხვა ერებთან ერთად რა თქმა უნდა თბილისელი სომხები არიან. ამიტომ მე მინდა პირველ რიგში თქვენ მოგილოცოთ მეგობრებო ამ ცენტრის გახსნა, რადგან ეს ქალაქი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად, თქვენი შექმნილია. ცენტრი ნიშან–სვეტია ჩვენი ძმობის, ჩვენი ერთობის და რა თქმა უნდა ჩვენი თბილისელობის.

Saturday, June 11, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ერევანის მერს კარენ კარაპეტიანს შეხვდა



თბილისსა და ერევენს შორის, მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა. მას შემდეგ ყოველწლიურად ხდება ორ ქალაქს შორის დელეგაციების ურთიერთგაცვლა. ბოლო პერიოდში ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობები გააქტიურდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისს ერევნის მერიის რამდენიმე დელეგაცია ესტუმრა. ერევნის მერიის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან შეისწავლონ თბილისის გამოცდილება სხვადასხვა პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. დელეგაციების წევრებმა აქტიური შეხვდრებს გამართეს: არქიტექტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ზედამხედველობის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი. შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა სტუმრებს ძველი თბილისი დაათვალიერებინა და ქალაქში დაგეგმილი სამომავლო პროექტები გააცნო.

გიგი უგულავა: ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით მჭიდრო უნდა იყოს, დაწყებული ერთობლივი პროექტებით და დამთავრებული კულტურული ურთიერთობებით, ტურიზმით პირველ რიგში. მზარდია ტურისტების ნაკადი თბილისისკენ. ამიტომ ამ პოტენცილის გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეიძლება. ძალიან საინტერესო იდეები ჰქონდა ჩემს კოლეგას სამედიცინო ტურიზმის შესახებ. ვინაიდან მედიცინის განვითარების კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იმისათვის, რომ მთლიანად რეგიონი მიმზიდველი გახდეს. თბილისსა და ერევანს შორის ძალიან ბევრი შეხების წერტრილებია და ამის გამოყენებაა საჭირო.

Friday, June 10, 2011

თბილისში ახალი ბენზინ–გასამართი სადგურების ქსელი გაიხსნა



კომპანია "გალფ ჯორჯია" საქართველოში "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ოპერირება 2011 წელს დაიწყო . კომპანია "გალფ ოილი" ამერიკაში, ტეხასის შტატში 1901 წელს დაარსდა, როგორც "შევრონის" შვილობილი კომპანია. დღეისათვის "გალფ ოილ ინტერნეშენალი" ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური ნავთობპროდუქტების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის მქონე ნავთობ პროდუქტებისა და საპოხი მასალების რეალიზაციაზე. კომპანიას დაგეგმილი აქვს ქსელში არსებული ავტოგასამართი სადგურების ბრენდირება, ხოლო მათი რიცხვი უახლოესი 2 წლის განმავლობაში 120-მდე გაიზრდება. "გალფ ჯორჯია" უახლოეს მომავალში 600-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ახალი ბენზინ–გასამართი სადგური თბილისის მერმა და "გალფ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გახსნეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა მივესალმო ახალი ბრენდის შემოსვლას თბილისისა და შემდგომ უკვე საქართველოს ბაზარზე. „გალფი“ ერთ–ერთი მსხვილი კომპანიის „შევრონის“ შვილობილია. ორი მიმართულებით არის ეს სიახლე მნიშვნელოვანი: ერთი, რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება წარმოდგენილი და დივერსიფიცირებული მიწოდება, მით უფრო მეტი იქნება კონკურენცია და კონკურენცია არის ერთ–ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ფასი იყოს ხელმისაწვდომი და არ იყოს სპეკულაციური. მეორე მიმართულება ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. მარტო თბილისში აღნიშნულ კომპანიაში 600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.

"Kavkaz Jazz Festival”-ი საზეიმოდ დაიხურა


თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 6-დან 10 ივნისის ჩათვლით თბილისში "Kavkaz Jazz Festival” 2011 მიმდინარეობდა.
ჯაზ–ფესტივალში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. "Kavkaz Jazz" პირველად 2010 წელს აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ამიერკავკასიაში ჯაზის განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენას.
"Kavkaz Jazz"–ი არის არაკომერციული ფესტივალი, რომელსაც სხვა პროექტებისგან საგანმანათლებლო ხასიათი გამოარჩევს და ამით მას უნიკალურობას ანიჭებს.
ფესტივალის დახურვას „დედა ენის ბაღში“ თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ “Facebook”-ში პირველი ვიდეო-კონფერენცია გამართა




თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ინტერნეტ სივრცეში მოსახლეობასთან პირველი ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალურ ქსელ „Facebook“–ში მოეძებნათ თბილისის მერის პირადი გვერდი (Gigi Ugulava) და აღნიშნულ გვერდზე, მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვა პირადად დაესვათ. შეკითხვებს გიგი უგულავა ვიდეო–კონფერენციის რეჟიმში პასუხობდა. ვიდეო–კონფერენციები თბილისის მერთან მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, რათა ქალაქის მერი პირადად გაეცნოს თითოეული მოქალაქის მოსაზრებას მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და დედაქალაქის განვითარებაზე თბილისელებთან ერთად იზრუნოს.

Thursday, June 9, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ქალაქის გამწვანების მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ,,მზიურისა’’ და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში თანამედროვე, სრულყოფილი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეიქმნება. “მზიურის” განახლება  დაიწყო და მისი სრული რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდება. ამჟამად “მზიურის” ტერიტორიაზე პარკის განახლების პირველი ეტაპი  მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტერიტორიაზე სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,  მონტაჟდება გარე-განათების სანათები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ბორდიურები და არსებულ  ბილიკებს პროექტით გათვალისწინებული ახალი საფეხმავლო ბილიკები ემატება. ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები 2011 წლის ნოემბერში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა ასაკის ბავშვისთვის  განკუთვნილი იქნება სათამაშო მოედნები, მოეწყობა  ამფითეატრი, სკეიტბორდის მოედანი, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზები, მოსასვენებელი ადგილები და საპიკნიკე საჩრდილობლები. პარკის ტერიტორიაზე ასევე აშენდება  საცურაო კომპლექსი  ,,მზიური აკვა”, რომელიც  18 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში  დახურული და ღია საცურაო აუზები, სპორტული მაღაზიები, კაფე-ბარები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები განთავსდება. განხორციელებული ინვესტიცია ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე   200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქს მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი  და რეკრეაციული ზონა შეემატება, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას კომფორტულ გარემოში  შეძლებენ. ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და  ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს  გაეცნო.
გიგი უგულავა: მას შემდეგ, რაც ახალი მაგისტრალი აშენდა, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მზიურისა და მისი მიმდებარე რეკრეაციული ზონის განვითარება. პარკი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ და მისი ძირითადი მომხმარებელია ვაკე–საბურთალოს მოსახლეობა. პარკს ერთგვარი დამაკავშირებელი ფუნქციაც აქვს, ამიტომ ჩვენ გვინდა განვავითაროთ ის, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციურად. იმისათვის, რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა. პარალელურად აქ საცურაო აუზი კეთდება, რაც მიმზიდველია მომხმარებლისთვის. განახლებული პარკი საცურაო აუზითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურით დასრულდება მომავალი წლის სეზონისთვის. ამ დროისთვის ასევე დასრულდება მზიურის ძველი, ტრადიციული ნაწილის რეაბილიტაციაც. ამ კუთხით თბილისელებს ექნებათ კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ დაისვენებენ.

Wednesday, June 8, 2011

თბილისის მერმა ახალი გვირაბის მშენებლობა დაათვალიერა


გიგი უგულავა: თბილისში მეტეხის გვირაბის შემდეგ, ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ წარმოებულა. სამუშაოებს ქართული კომპანია აწარმოებს, რაც მისასალმებელია, იმიტომ, რომ, ეს გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზე გვქონდეს ის კადრები, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის. ამ გვირაბის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც გაკეთდა ახალი მაგისტრალი, მან რეალურად განტვირთა ჭავჭავაძისა და პეკინის ქუჩები. ამ მთის ქვეშ 204 მეტრიანი გვირაბი კეთდება, რომელიც ბახტრიონის კვანძს და მთელ საბურთალოს დააკავშირებს ამ მაგისტრალს. ადამიანს შესაძლებლობა ექნება, ყაზბეგის გამზირიდან გვირაბის გავლით 2-3 წუთში იყოს ჭავჭავაძის ცენტრში. 2012 წელს კი დაემატება ის ნაწილი, რომელიც ამ ახალ ტრასას დააკავშირებს ჭავჭავაძის ნაწილს. ამით ყველაზე გადატვირთული უბნებს _ ვაკეს და საბურთალოს, რომლებიც გაშენებულია მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ, დაახლოებით 20-30 წელიწადი არანაირი ინფრასტრუქტურული სიახლე არ დასჭირდება. მანქანების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს შესაძლებლობას შეუფერხებელი მოძრაობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და ერთი ათად გააუმჯობესებს თბილისელების მოძრაობას ქალაქის ამ მონაკვეთში. ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობის სრულად განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია ვაკე–საბურთალოს შემაერთებელ გზაზე სამუშაოების მეორე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებაში ახალი მაგისტრალიდან იყალთოს მთის გავლით (გვირაბით) თამარაშვილის ქუჩამდე 1 800 მეტრიანი მონკვეთი აშენდება. ამჟამად გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სიგრძე – 204 მეტრია, სიმაღლე – 5 მეტრი და სიგანე – 10,5 მეტრი; ასევე გაკეთდება ბახტრიონის ქუჩასთან შემაერთებელი კვანძი, ვერეს ხევის მაგისტრალიდან გვირაბამდე მისასვლელი გზა და მოეწყობა შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციები. სამუშაოები 2011 წლის ბოლოს დასრულდება და აღნიშნული მონაკვეთის გავლით მოსახლეობა უმოკლესი მარშრუტით გადაადგილდება. გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერი გიგი უგულავა გაეცნო და ადგილზე დაათვალიერა. თბილისის მერია 2012 წელს ვერეს ხეობის გავლით, ჭავჭავაძის გამზირიდან (მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარედ) რამიშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი 5 000 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობას დაიწყებს. სამუშაოები 2012 წლის ბოლოს დასრულდება და ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი დასრულებულ სახეს მიიღებს, რაც ქალაქის ამ მონაკვეთზე მოძრაობას სრულად განტვირთავს. კომუნიკაციების მოწესრიგებისა და ტერიტორიის გამწვანების შემდეგ, ვერეს ხეობა თავისი ინფრასტრუქტურით, უნიკალური გახდება, როგორც ტრანსპორტით მოძრავი, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.

თბილისის მერიაში სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა


თბილისის მერიისა და სოციალური დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი პროექტ: „მობილური ზრუნვის“ განხორციელებას იწყებს. პროექტი მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში მოვლას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთაგან არის დაკომპლექტებული 35 მოხუცსა და ინვალიდს მოემსახურება. დღეს თბილისის მერიის, სოციალური დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენლებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით მხარეები სოციალურ სფეროში ითანამშრომლებენ. პროექტი „მობილური ზრუნვა“ სტარტს მემორანდუმზე ხელისმოწერის შემდეგ აიღებს.

გიგი უგულავა: დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს სამარიტელთა კავშირი ერთობლივად ვიწყებთ პროექტს, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, უნარშეზღუდულ მიხუცებზე ზრუნვა. ამ პროექტის ფორმა და შინაარსი არის განსხვავებული. ის აპრობირებულია გერმანიაში და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი სოციალური დახმარების სისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი და გაჭირვებულ ადამიანზე ორიენტირებული. თბილისის მერიას ძალიან ბევრი პროგრამა აქვს, რომელიც სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზეა გათვლილი. ხორციელდება მათი დაზღვევა, არსებობს უფასო სასადილოები. ეს პროგრამა გათვლილია ყველაზე მძიმე კატეგორიაზე, რომელსაც არ აქვს გადაადგილების საშუალება, არის მოხუცი, მარტოხელა და არ ჰყავს ნათესავი, რომელმაც შეიძლება მასზე შესაბამისი ზრუნვა განახორციელოს. სწორედ ასეთი მოქალაქეებისთვის იქმნება მობილური ზრუნვის ეს პროექტი, რომელიც სახლში, ადგილზევე გაუწევს მათ მეურვეობას. პროექტი საპილოტო ხასიათის არის და მისი წარმატების შემთხვევაში, ჩვენ ზრუნვის ამ მოდელის დამკვიდრებას შევეცდებით.

Tuesday, June 7, 2011

“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში მშენებლობა განახლდა

თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადავიდა. “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ ხელშეკრულება უკვე რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას გაუფორმა. მათ შორის არის კომპანია „დ+“. მერია მზად არის აღნიშნულ კომპანიისგან მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის მანძილზე ფართი 400 აშშ დოლარად შეისყიდოს. თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი სახლებით ის 80 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 25 ადამიანი დასაქმდება. სანზონაში მდებარე “დ+” სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

გიგი უგულავა: სამშენებლო ბაზარი თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. მთავარი პრობლემა დღეს ამ სექტორში არის ის, რომ ძალიან რთულია მშენებლებისთვის ფინანსური რესურსის მოძიება და ჩვენი პროგრამის ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის’’ მესამე ეტაპი სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად არის შექმნილი. ჩვენ ვაძლევთ მშენებელს გარანტიას, ვუდებთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომ ბინის დასრულების შემდეგ, მისი სურვილის შემთხვევაში კვადრატულ მეტრს 400 დოლარად შევისყიდით. შესაბამისად, ამ გარანტირებული ხელშეკრულებით მშენებელი ბევრად უფრო ადვილად იზიდავს ფინანსურ რესურსს, ადვილად მიდის ბანკთან თუ ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტთან.

ეს პროექტი საქართველოს ბანკმა დააფინანსა, მილიონი დოლარის კრედიტი გასცა და ბანკიც დაზღვეულია, რადგან იმ შემთხვევაში თუ მშენებელმა ვერ გაყიდა, ბინას გარანტირებული მყიდველი ჰყავს მერიის სახით. თბილისის მერია მას თვითღირებულების ფასად შეისყიდის და ასეთ ბინებს სოციალური მიმართულებით წარმართავს. ბევრმა კომპანიამ ჩვენგან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ქალაქში დიდი მშენებლობები იწყება.

Monday, June 6, 2011

თბილისში პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა


თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე დაარეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში ასევე არის დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. პროფესიული კოლეჯებში დაინტერესებული პირები მომსახურების, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლიან.

გიგი უგულავა:უმუშევრობა ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. უმუშევრობას აქვს თავისი მიზეზები და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ბაზრის მოთხოვნასა და ჩენს შესაძლებლობებს შორის აცდენა ხდება. ცენტრი მოწოდებულია იმისთვის, რომ დააკვალიანოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც თბილისში გადამზადება სურს. თბილისში არის 7 ტექნიკური კოლეჯი, სადაც შეისწავლება ძალიან ფართო სპექტრი პროფესიებისა. ეს არის ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტადაა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და შესაბამისად, ამ კვალიფიკაციით ადამიანს ბევრად უფრო ადვილად შეეძლება სამსახურის პოვნა. აქ ძირითადად არის ტურიზმის სფერო, სოფლის მეურნეობის სფერო, მშენებლობა, ინჟინერია და ა.შ. ანუ ცენტრის საშუალებით ნებისმიერ თბილისელს შეეძლება მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, სად რა ვაკანსია არსებობს, რომელ კოლეჯშია შესაძლებელი დაიწყოს სწავლა და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კურსები. პარალელურად, როგორც იცით, თბილისის მერიას აქვს პოტენციური დამსაქმებლებისა და უმუშევრების ბაზა და ჩვენც აქტიურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან ერთადერთი გამოსავალი უმუშევრობის დაძლევის არის კვალიფიკაციის ამაღლება, იქნება ეს რომელიმე კონკრეტული პროფესია, თუ ინგლისური ენის და კომპიუტერის შესწავლა, რაც ადამიანს უფრო კონკურენტულს გახდის ისედაც მძაფრ კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ეს საინფორმაციო ცენტრი იქნება ფაქტიურად ყველა ასეთი ადამიანისთვის გზა და ხიდი მომავალი პროფესიის დაუფლებისათვის და შესაბამისად სამუშაოს მოძებნაში საკმაოდ აქტიურ დახმარებას გაუწევს.

Saturday, June 4, 2011

გიგი უგულავამ „უნიბურთის თასის“ გამარჯვებული დააჯილდოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დახურულ დარბაზში საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის მიერ ორგანიზებული „უნიბურთის თასის“ ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები. საფინალო შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. გამარჯვებულს თასი გადასცა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. თასის გამარჯვებულთან ერთად მოხდა “უნიბურთის ლიგის” პრიზიორთა დაჯილდოვებაც. თბილისის მერიის მიერ ლიგის საპრიზო ფონდისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი, რომელიც გადაეცა პირველ ოთხ ადგილზე გასულ გუნდებს (თსუ – I ადილი – 5 000 ლარი; სტუ – II ადგილი – 3 000 ლარი; ილიას უნივერსიტეტი – III ადგილი – 1 500 ლარი; სოხუმის უნივერსიტეტი – IV ადგილი – 500 ლარი). გამარჯვებულ გუნდებთან ერთად სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ უნიბურთის საუკეთესო ფეხბურთელებიც, ბომბარდირი, საუკეთესო მცველი და მეკარე.

დაჯილდოვებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებმა.

გიგი უგულავა: საუნივერსიტეტო სპორტი არის სპორტის განვითარების ხერხემალი და მისასალმებელია, რომ სპორტის მთელ რიგ სახეობებში და მათ შორის ფეხბურთსა თუ წყალბურთში უკვე გამოჩნდა საუნივერსიტეტო გუნდები, რომლებიც ტოლს არ უდებენ პროფესიონალურ გუნდებს და ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ თსუ-ს და სტუ-ს შერკინების სახით. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფეხბურთის განვითარებას საუნივერსიტეტო დონეზე. კალათბურთში უნივერსიტეტებს პროფესიული გუნდები ჰყავთ, რომლებიც თამაშობენ, როგორც უმაღლეს ლიგაში, ისე სამოყვარულო დონეზე. გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ეს არის კარგი შეჯიბრი უნივერსიტეტებს შორის, სადაც ყოველთვის იმარჯვებს საუკეთესო. დღეს პირველიადგილის მფლობელი გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიციად ჩამოყალიბდება და ბევრი კარგი თამაშის მომსწრენი ვიქნებით.

Wednesday, June 1, 2011

თბილისის მერმა ახალი საგამოფენო დარბაზი გახსნა

ბესიკის ქუჩაზე საგამოფენო დარბაზი “ახალი გალერეა” გაიხსნა, სადაც ირაკლი ფარჯიანის მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ირაკლი ფარჯიანი თანამედროვე ქართული მხატვრობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელმაც მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია: რელიგიური თემა, აბსტრაქცია, ყვავილების კომპოზიცია, სერიული კომპოზიციები სხვადასხვა თემაზე. ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა კოლექციებში. მხატვრის გამოფენები წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
“ახალი გალერეა” დამთვალიერებელს ყოველდღიურად სხვადახვა მხატვრების მრავალფეროვან და საინტერესო შემოქმედებას გააცნობს.

გიგი უგულავა: კიდევ ერთი ახალი საგამოფენო სივრცე შეემატა თბილისს, ძალიან საინტერესო და კარგი გამოფენით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გალერეა არ მდებარეობს კლასიკურ ტურისტულ ზოლსა და მარშრუტზე, არამედ უფრო მოშორებითაა. თუმცა, ასეთი ობიექტი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაფართოვოთ ფეხით სავალი თუ სხვა საინტერესო კულტურული არეალი.
მთაწმინდის ქუჩაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის ერთ–ერთი მარშრუტი, რომლითაც რუსთაველიდან მომავალი მგზავრი მოხვდება მამადავითის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე და მთაწმინდის პარკში. ამიტომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კულტურული ცხოვრება ცოტა მთისკენაც წამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გალერეას ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება.

გიგი უგულავა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საბავშვო კონცერტს დაესწრო


თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის (ყოფილი გოფილექტის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. მისი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა მაღალი ხარისხის ურბანული ფურნიტურა, დეკორატიული სანათები, ორიგინალური დასასვენებელი სავარძლები, მოეწყო ორი შადრევანი. სკვერის 4 000 კვ.მ ფართობზე ბეჭდური ბეტონის ფილები დაიგო. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და გაკეთდა სასეირნო ხეივნები. სკვერის ტერიტორია ათეულობით სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და მოყვავილე ბუჩქით გამწვანდა. კომფორტული და უსაფრთხო დასვენებისთვის სკვერში ყველა პირობაა შექმნილი. სკვერის ინფრასტრუქტურაში გამორჩეულ ადგილს 800 მაყურებელზე გათვლილი სცენა იკავებს, რაც დასასვენებელ ზონას კულტურულ ფუნქციას სძენს. სკვერში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღი დაათვალიერა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საბავშვო კონცერტს დაესწრო.

გიგი უგულავა: დღეს არის ოპტიმიზმის დღე, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გვქონდეს და პრობლემები სამწუხაროდ არ დაილევა, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული ბავშვებისა და მათი მომავლის საკეთილდღეოდ. დღეს ყველა მშობელი ცდილობს განსაკუთრებულად მოექცეს ბავშვს და აჩუქოს დაუვიწყარი დღე. ეს პატარა სკვერი, რომელიც ისტორიულად ძალიან ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი კარგი, დასასვენებელი, რეკრეაციული ადგილი, ხელახლა შეემატა თბილისს და ხალხის სიმრავლე სწორედ იმას მეტყველებს, რომ თბილისელები მონატრებულნი იყვნენ აქაურობას. მეორეს მხრივ, ეს მთლიანად ჯდება იმ რეკონსტრუქციის პროგრამაში, რომელსაც ჩვენ აქ ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ეს სკვერი დამატებით ელფერსა და მიმზიდველობას შესძენს თბილისს.