თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაშია განლაგებული და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. პროფესიული სწავლების საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის და მომავალ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე და პროფესიებზე დაარეგისტრირებს. საინფორმაციო ცენტრში ასევე არის დამსაქმებელთა მონაცემთა ბაზა, სადაც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ და დასაქმდნენ.
პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. პროფესიული კოლეჯებში დაინტერესებული პირები მომსახურების, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლიან.
გიგი უგულავა:უმუშევრობა ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა. უმუშევრობას აქვს თავისი მიზეზები და ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ბაზრის მოთხოვნასა და ჩენს შესაძლებლობებს შორის აცდენა ხდება. ცენტრი მოწოდებულია იმისთვის, რომ დააკვალიანოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც თბილისში გადამზადება სურს. თბილისში არის 7 ტექნიკური კოლეჯი, სადაც შეისწავლება ძალიან ფართო სპექტრი პროფესიებისა. ეს არის ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტადაა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და შესაბამისად, ამ კვალიფიკაციით ადამიანს ბევრად უფრო ადვილად შეეძლება სამსახურის პოვნა. აქ ძირითადად არის ტურიზმის სფერო, სოფლის მეურნეობის სფერო, მშენებლობა, ინჟინერია და ა.შ. ანუ ცენტრის საშუალებით ნებისმიერ თბილისელს შეეძლება მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, სად რა ვაკანსია არსებობს, რომელ კოლეჯშია შესაძლებელი დაიწყოს სწავლა და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კურსები. პარალელურად, როგორც იცით, თბილისის მერიას აქვს პოტენციური დამსაქმებლებისა და უმუშევრების ბაზა და ჩვენც აქტიურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან ერთადერთი გამოსავალი უმუშევრობის დაძლევის არის კვალიფიკაციის ამაღლება, იქნება ეს რომელიმე კონკრეტული პროფესია, თუ ინგლისური ენის და კომპიუტერის შესწავლა, რაც ადამიანს უფრო კონკურენტულს გახდის ისედაც მძაფრ კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ეს საინფორმაციო ცენტრი იქნება ფაქტიურად ყველა ასეთი ადამიანისთვის გზა და ხიდი მომავალი პროფესიის დაუფლებისათვის და შესაბამისად სამუშაოს მოძებნაში საკმაოდ აქტიურ დახმარებას გაუწევს.
No comments:
Post a Comment