აზიის განვითარების ბანკმა (აგბ), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში სხვადასხვა პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელების მიზნით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა.
სასტუმრო “რედისონში” აზიის განვითარების ბანკის, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
თბილისში პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტების შერჩევა ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გეგმის თანახმად მიმდინარეობს, რომლის შემუშავებაც 2010-2011 წლებში აზიის განვითარების ბანკის გრანტით დაფინანსდა. გეგმის მიზანია ყველა ის ფაქტორი გამოავლინოს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ტრანსპორტის განვითარებას და შეიმუშაოს შესაბამისი სატრანსპორტო გადაწყვეტილებები.
თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში დღემდე ოცდაათამდე სატრანსპორტო პროექტი შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელისა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას.
აზიის განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის აქტიური კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა იმ პროექტების ნუსხა, რომელიც ბანკის მიერ, ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ესენია:
-გორგასლის გვირაბი, რომელიც ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნება და სანაპიროს ბევრად უფრო გავლადს გახდის.
-მეტრო „უნივერსიტეტის“ სადგურის დასრულება – ობიექტის მშენებლობა 2012 წელს განახლდება და პროექტის განხორციელება ორ წელიწადში დასრულდება.
-თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაცია.
-სამანქანო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დიდუბესთან დააკავშირებს. პროექტის განხორციელებით გაუმჯობესდება მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე და მაქსიმალურად განიტვირთება წერეთლის გამზირი.
გიგი უგულავა: დღეს ერთგვარი შეჯამებაა და მეორე ეტაპზე გადადის ყველა ის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია ვანხორციელებთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად. პირველი რაც მინდა ავღნიშნო არის ის, რომ აზიის განვითარების ბანკის დამფუძნებელმა ქვეყნებმა ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს ომის შემდეგ და ეს დახმარება იყო სწორედ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელიც მსოფლიო საზოგადოებამ საქართველოსთვის გაიღო რუსული აგრესიის შემდეგ. თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელების სტადიაშია და 2014 წლამდე განხორციელდება. ეს არის გვირაბი გორგასალთან ანუ მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც მანქანებისგან განტვირთავს ძველ თბილისს და მას უფრო მყუდროს გახდის, ეს არის მეტრო უნივერსიტეტი, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არის დაკონსერვებული და 2014 წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში, ეს არის თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი, რითაც რუსთაველები და შესაბამისად თბილისელებიც ერთმანეთს დაუკავშირდებიან დაახლოებით 10 წუთში, ასევე სამანქანო ხიდი, რომელიც ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ აშენდება და საბურთალოს დააკავშირებს დიდუბესთან.
ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რეალურად კეთდება ერთი რამის გამო, იმისთვის, რომ თბილისი გახდეს დასაქმების ქალაქი. დასაქმების ქალაქი გახდება მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა იქნება გაუმჯობესებული, ინვესტიციები იქნება მოზიდული და შესაბამისად სამუშაო ადგილები იქნება შექმნილი. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და დღეს სწორედ ამ პროექტების განხილვა იქნება.
No comments:
Post a Comment