სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დახურულ დარბაზში საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის მიერ ორგანიზებული „უნიბურთის თასის“ ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდები. საფინალო შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. გამარჯვებულს თასი გადასცა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. თასის გამარჯვებულთან ერთად მოხდა “უნიბურთის ლიგის” პრიზიორთა დაჯილდოვებაც. თბილისის მერიის მიერ ლიგის საპრიზო ფონდისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი, რომელიც გადაეცა პირველ ოთხ ადგილზე გასულ გუნდებს (თსუ – I ადილი – 5 000 ლარი; სტუ – II ადგილი – 3 000 ლარი; ილიას უნივერსიტეტი – III ადგილი – 1 500 ლარი; სოხუმის უნივერსიტეტი – IV ადგილი – 500 ლარი). გამარჯვებულ გუნდებთან ერთად სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ უნიბურთის საუკეთესო ფეხბურთელებიც, ბომბარდირი, საუკეთესო მცველი და მეკარე.
დაჯილდოვებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებმა.
გიგი უგულავა: საუნივერსიტეტო სპორტი არის სპორტის განვითარების ხერხემალი და მისასალმებელია, რომ სპორტის მთელ რიგ სახეობებში და მათ შორის ფეხბურთსა თუ წყალბურთში უკვე გამოჩნდა საუნივერსიტეტო გუნდები, რომლებიც ტოლს არ უდებენ პროფესიონალურ გუნდებს და ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ თსუ-ს და სტუ-ს შერკინების სახით. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფეხბურთის განვითარებას საუნივერსიტეტო დონეზე. კალათბურთში უნივერსიტეტებს პროფესიული გუნდები ჰყავთ, რომლებიც თამაშობენ, როგორც უმაღლეს ლიგაში, ისე სამოყვარულო დონეზე. გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, ეს არის კარგი შეჯიბრი უნივერსიტეტებს შორის, სადაც ყოველთვის იმარჯვებს საუკეთესო. დღეს პირველიადგილის მფლობელი გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრადიციად ჩამოყალიბდება და ბევრი კარგი თამაშის მომსწრენი ვიქნებით.
No comments:
Post a Comment