Wednesday, June 8, 2011

თბილისის მერიაში სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოეწერა


თბილისის მერიისა და სოციალური დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სამარიტელთა კავშირი პროექტ: „მობილური ზრუნვის“ განხორციელებას იწყებს. პროექტი მარტოხელა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლში მოვლას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთაგან არის დაკომპლექტებული 35 მოხუცსა და ინვალიდს მოემსახურება. დღეს თბილისის მერიის, სოციალური დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენლებმა სამმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით მხარეები სოციალურ სფეროში ითანამშრომლებენ. პროექტი „მობილური ზრუნვა“ სტარტს მემორანდუმზე ხელისმოწერის შემდეგ აიღებს.

გიგი უგულავა: დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც თბილისის მერია, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს სამარიტელთა კავშირი ერთობლივად ვიწყებთ პროექტს, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველ, მარტოხელა, უნარშეზღუდულ მიხუცებზე ზრუნვა. ამ პროექტის ფორმა და შინაარსი არის განსხვავებული. ის აპრობირებულია გერმანიაში და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი სოციალური დახმარების სისტემა იყოს მაქსიმალურად მოქნილი და გაჭირვებულ ადამიანზე ორიენტირებული. თბილისის მერიას ძალიან ბევრი პროგრამა აქვს, რომელიც სხვადასხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებზეა გათვლილი. ხორციელდება მათი დაზღვევა, არსებობს უფასო სასადილოები. ეს პროგრამა გათვლილია ყველაზე მძიმე კატეგორიაზე, რომელსაც არ აქვს გადაადგილების საშუალება, არის მოხუცი, მარტოხელა და არ ჰყავს ნათესავი, რომელმაც შეიძლება მასზე შესაბამისი ზრუნვა განახორციელოს. სწორედ ასეთი მოქალაქეებისთვის იქმნება მობილური ზრუნვის ეს პროექტი, რომელიც სახლში, ადგილზევე გაუწევს მათ მეურვეობას. პროექტი საპილოტო ხასიათის არის და მისი წარმატების შემთხვევაში, ჩვენ ზრუნვის ამ მოდელის დამკვიდრებას შევეცდებით.

No comments:

Post a Comment