თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განახლებულ დავით აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის (ყოფილი გოფილექტის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. მისი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა მაღალი ხარისხის ურბანული ფურნიტურა, დეკორატიული სანათები, ორიგინალური დასასვენებელი სავარძლები, მოეწყო ორი შადრევანი. სკვერის 4 000 კვ.მ ფართობზე ბეჭდური ბეტონის ფილები დაიგო. დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და გაკეთდა სასეირნო ხეივნები. სკვერის ტერიტორია ათეულობით სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და მოყვავილე ბუჩქით გამწვანდა. კომფორტული და უსაფრთხო დასვენებისთვის სკვერში ყველა პირობაა შექმნილი. სკვერის ინფრასტრუქტურაში გამორჩეულ ადგილს 800 მაყურებელზე გათვლილი სცენა იკავებს, რაც დასასვენებელ ზონას კულტურულ ფუნქციას სძენს. სკვერში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღი დაათვალიერა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საბავშვო კონცერტს დაესწრო.
გიგი უგულავა: დღეს არის ოპტიმიზმის დღე, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ბევრი პრობლემა გვქონდეს და პრობლემები სამწუხაროდ არ დაილევა, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული ბავშვებისა და მათი მომავლის საკეთილდღეოდ. დღეს ყველა მშობელი ცდილობს განსაკუთრებულად მოექცეს ბავშვს და აჩუქოს დაუვიწყარი დღე. ეს პატარა სკვერი, რომელიც ისტორიულად ძალიან ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი კარგი, დასასვენებელი, რეკრეაციული ადგილი, ხელახლა შეემატა თბილისს და ხალხის სიმრავლე სწორედ იმას მეტყველებს, რომ თბილისელები მონატრებულნი იყვნენ აქაურობას. მეორეს მხრივ, ეს მთლიანად ჯდება იმ რეკონსტრუქციის პროგრამაში, რომელსაც ჩვენ აქ ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, ეს სკვერი დამატებით ელფერსა და მიმზიდველობას შესძენს თბილისს.
No comments:
Post a Comment