თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადავიდა. “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ ხელშეკრულება უკვე რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას გაუფორმა. მათ შორის არის კომპანია „დ+“. მერია მზად არის აღნიშნულ კომპანიისგან მშენებლობის დასრულების შემდეგ, ერთი წლის მანძილზე ფართი 400 აშშ დოლარად შეისყიდოს. თბილისის მერიის პროგრამის დახმარებით კომპანია 2009 წელს კრიზისის შედეგად შეჩერებულ მშენებლობას გაანაახლებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალი სახლებით ის 80 ოჯახი დაკმაყოფილდება, რომლებიც წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დასრულდება. განახლებულ მშენებლობაზე 25 ადამიანი დასაქმდება. სანზონაში მდებარე “დ+” სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: სამშენებლო ბაზარი თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. მთავარი პრობლემა დღეს ამ სექტორში არის ის, რომ ძალიან რთულია მშენებლებისთვის ფინანსური რესურსის მოძიება და ჩვენი პროგრამის ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის’’ მესამე ეტაპი სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად არის შექმნილი. ჩვენ ვაძლევთ მშენებელს გარანტიას, ვუდებთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომ ბინის დასრულების შემდეგ, მისი სურვილის შემთხვევაში კვადრატულ მეტრს 400 დოლარად შევისყიდით. შესაბამისად, ამ გარანტირებული ხელშეკრულებით მშენებელი ბევრად უფრო ადვილად იზიდავს ფინანსურ რესურსს, ადვილად მიდის ბანკთან თუ ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტთან.
ეს პროექტი საქართველოს ბანკმა დააფინანსა, მილიონი დოლარის კრედიტი გასცა და ბანკიც დაზღვეულია, რადგან იმ შემთხვევაში თუ მშენებელმა ვერ გაყიდა, ბინას გარანტირებული მყიდველი ჰყავს მერიის სახით. თბილისის მერია მას თვითღირებულების ფასად შეისყიდის და ასეთ ბინებს სოციალური მიმართულებით წარმართავს. ბევრმა კომპანიამ ჩვენგან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ქალაქში დიდი მშენებლობები იწყება.
No comments:
Post a Comment