ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ბეტონის გვირაბის სიგრძე 95 მეტრი იქნება და მის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივ საცობებს ქმნიდა. ამ ეტაპზე გვირაბის ქვაბულის დამუშავება მიმდინარეობს. ამოჭრილია 25 000 კუბ. მეტრი გრუნტი. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი, შესაბამისად მანქანები შეუჩერებლად შეძლებენ გადაადგილებას, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს. გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა ჩვ.წ.აღ–მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული უძველესი ნასახლარის სამარხები, შესაბამისად ტერიტორიაზე არქეოლოგებიც მუშაობენ და მათ იკვლევენ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი, რომელიც აღმაშენებლის ძეგლთან მარშალ გელოვანის გამზირის და აღმაშენებლის ხეივანის გვირაბით დაკავშირებას ითვალისწინებს. ეს სამუშაოები აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ არქეოლოგიურად დიღმის ეს ნაწილი საკმაოდ აქტიური ზონაა და ამიტომ აქ პარალელურად არქეოლოგებიც მუშაობენ. აღმოჩენილია სხვადასხვა ძალიან ძველი საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტები. ერთის მხრივ, ბუნებრივია, ეს სამუშაოების ტემპს აჩერებს, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგ მასალას გვაძლევს ძველი თბილისის შესახებ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ რომ უკვე წლის ბოლოს მოვრჩებით მთლიან სამუშაოებს და თბილისს შეემატება ახალი გვირაბი, რაც მოძრაობის განტვირთვას გამოიწვევს. პარალელურად შესრულდება სხვა ღონისძიებებიც რომლებიც ასევე მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი, იგულისხმება აქვე ახლოს სამანქანო ხიდი მტკვარზე და ასევე ახალი გზიდან ჩამოსასვლელი, რომელიც ნუცუბიძეს დააკავშირებს მარშალ გელოვანთან. პრაქტიკულად ყველა ამ ღონისძიების შედეგად ქალაქი უფრო გავლადი და კომფორტული გახდება.
No comments:
Post a Comment