Tuesday, July 19, 2011

თბილისის მერმა პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში განახლებული მშენებლობა დაათვალიერა



ეკონომიკის სტიმულირების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაწყებული, თბილისის მერიის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ქალაქში წარმატებით ხორციელდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე  ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურის“ მიერ, წყნეთში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურამ“ პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა  და წყნეთში 18 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპლექსის მშენებლობა განაახლა. ტერიტორიაზე შვიდი სამ და ოთხ სართულიანი, თანამედროვე დიზაინის კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და ახალი, კომფორტული ბინებით, ძველ  თბილისში, ავარიულ სახლებში მცხოვრები 22 ოჯახი დაკმაყოფილდება. მშენებლობაზე 150 ადამიანი დასაქმდა.  “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
გიგი უგულავა:  „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ არის პროგრამა, რომლის  მთავარი მნიშვნელობა სწორედ მშენებლობის სფეროში სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში 20 ოჯახი ძველი თბილისიდან აქ გადმოვა და  საუკეთესო პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. როგორც იცით, ჩვენ ეს პროგრამა გარკვეულწილად შევცვალეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება აიღოს და მერია იღებს ვალდებულებას 400 დოლარად, ანუ თვითღირებულების ფასად, ექსპლუატაციაში მიღებული შენობა შეისყიდოს. ჩვენ უკვე დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ასეთი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გავეცით და ეს პროგრამა აქტიურად გრძელდება.  მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით თბილისის ეკონომიკის 7-8 %-ია, დასაქმების კუთხით პირველ ადგილზე დგას, ვინაიდან ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს თავის თავში. მშენებლობაზეა მიბმული ხის საამქროები, მეტალოპლასმასის საამქროები.  მშენებლობა მთელ რიგ ეკონომიკის დარგებს ამოძრავებს, აცოცხლებს და ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად ეკონომიკის უნიკალური და შეუცვლელი სფეროა. 

No comments:

Post a Comment