სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია “PH International”–ის(პროექტი ჰარმონია) ინიციატივითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით პროექტი „მე აქტიური მოქალაქე ვარ“ ხორციელდება. პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საზოგადოების საკეთილდღეოდ, სხვადასხვა სახის პროგრამები განახორციელეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა მოხალისეობის, დამოუკიდებელი ძალისხმევისა და უფლებების დაცვის შესახებ, შეიმუშავონ ერთობლივი პროექტები, მოიძიონ თანამოაზრეები და სასკოლო სამოქალაქო კლუბებში დაგეგმონ სამომავლო საქმიანობა. ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა მოწვეულ სტუმრებს ხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან. მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს თბილისის მერი გიგი უგულავა ესტუმრა და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გიგი უგულავა: ნებისმიერი სახელმწიფოს და განსაკუთრებით საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ახალგაზრდობა გვეყოლება. სამოქალაქო პოზიციის ქონა არ არის რაღაც აბსტრაქტული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ვართ ტოლერანტულები, მაგრამ საქმეში ამას არ ვავლენთ, ვსაუბრობთ რომ ვართ აქტიურები, მაგრამ რეალურად ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ მაქსიმალურ ანგარიშვალდებულებას. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი განსხვავებაა სიტყვასა და საქმეს შორის. ნებისმიერი ასეთი შეკრება სწორედ ამას ემსახურება. ახალგაზრდობიდანვე ჩვენ სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ, ანუ ღირებულებები, სამოქალაქო პოზიცია, ტოლერანტობა, ანგარიშვალდებულება და პატრიოტიზმი ეს ყველა ის ცნებებია, რომლებმაც ერთად უნდა შექმნას მომავალი საქართველო. მე მივესალმები ამ ინიციატივას, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, მათ შორის თანამდებობის პირებს და მერე დასკვნა თვითონ გააკეთონ.
No comments:
Post a Comment