Monday, July 18, 2011

თბილისის მერმა ავეჯის საწარმო დაათვალიერა

 სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერია “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს” 2006 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად, იაფი ფინანსური რესურსი თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირისათვის ხელმისაწვდომია. დაფინანსების მიღების მსურველს, თბილისის მერიაში სპეციალური განაცხადი და პროექტი შემოაქვს, რომელიც განსახილველად პარტნიორ ბანკს ეგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, იაფი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობა იღებს. იაფი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 6-დან 8%-მდე განისაზღვრება, სესხის ვადა მაქსიმუმ 5 წელია(60 თვე).
თბილისის მერიის მიერ “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ამ ეტაპზე  54 საწარმო უკვე დაფინანსდა.
დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა ავეჯის მწარმოებელ კომპანია ”იფანს” ეწვია, რომელმაც ”ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში, 2011 წლის მაისში 115 000  ლარის ოდენობით სესხი მიიღო და წარმოება გააფართოვა. გიგი უგულავამ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ავეჯსა და ხის კარებებს სთავაზობს და როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს. ავეჯის დამამზაებელ საწარმოში ამჟამად 25 ადამიანი მუშაობს. უახლოეს მომავალში „იფანი“ თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან  20 ადამიანს შეარჩევს და დაასაქმებს.
გიგი უგულავა: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით და ეს საერთაშორისო კვლევებითაც არის დადასტურებული. მაგრამ დამატებით პრობლემად რჩება ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი დამატებითი ფულადი რესურსების მოძიების საკითხი. ამიტომ ჩვენი პროგრამა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 54 საწარმოს გაფართოებას შევუწყვეთ ხელი. არსებობს სპეციალური კომისია, რომელებშიც კომერციული ბანკების წარმომადგენლები და ჩვენი თანამშრომლები შედიან. ისინი არჩევენ იმ პროექტებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანია და შესაბამისად ფინანსდება შედარებით გრძელვადიანი და იაფი  კრედიტის საშუალებით, რაც ბიზნესს უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ ამგვარად მოხდა. აქ დაახლოებით 20 ადამიანი დასაქმდება. ახალი დანადგარების საშუალებით ეს კომპანია გააფართოებს  წარმოებულ პროდუქტს და ასევე იმ სიმძლავრეებს, რომელიც აუცილებელია განვითარებისთვის.

No comments:

Post a Comment