თბილისში “მეეზოვის დღე” უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული მეეზოვეებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად მიულოცა, გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის დასუფთავების სფეროს თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნულ სფეროში თბილისის მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 300 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ქალაქში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 2009-2010 წლებში დაილუქა კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, რაც ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და დაიდგა 17 000 სხვადასხვა ზომის კონტეინერი. თითოეული მათგანი დღეში რამოდენიმეჯერ იცლება და შესაბამისად ამ რეფორმამ ქალაქის სანიტარული მდგომარეობა გააუმჯობესა. ქალაქის სისუფთავისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წელს მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი განხორციელდა: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი პოლიგონი აშენდა. მისი ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დაიხურა გლდანისა და იალღუჯას ნაგავსაყრელი პოლიგონები, რომლებიც წლების განმავლობაში მოსახლეობის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე ბელიაშვილის ქუჩაზე 24 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასუფთავების ბაზა მოეწყო, სადაც დასუფთავების მანქანების სახელოსნო, ავტონაწილებისა და საჭირო ინვენტარის ღია და დახურული საწყობები, გადამტვირთი სადგურები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები განთავსდა. დასუფთავების სამსახურმა შეიძინა 15 ერთეული ახალი სპეციალიზირებული, დიდი მოცულობის მანქანა, რომელშიც ერთდროულად რამოდენიმე მანქანიდან ხდება ნაგვის ნარჩენების ჩატვირთვა და შედეგად ქალაქიდან ახალი პოლიგონის მიმართულებით ბევრად ნაკლები მანქანა გადაადგილდება. თბილისის მერია ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
No comments:
Post a Comment