Friday, September 30, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


თბილისის მერმა გიგი უგულავამ რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა, მდინარე ვერეს ხეობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. რამიშვილის ქუჩაზე გზის სარეკოსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, დაიგება 7 000 კვ.მეტრი ასფალტის საფარი და გაკეთდება ბორდიურები. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამიშვილის ქუჩა ჩიქოვანის ქუჩას - ჭავჭავაძის გამზირს დააკავშირებს და არაყიშვილის ქუჩას შეუერთება. ყოველივე ეს კი კვანძს გახსნის და  ამ მონაკვეთზე გადაადგილებას გაამარტივებს. ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ვერეს ხეობაში  იყალთოს მთის გავლით  ახალი მაგისტრალისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო 2012 წელს დაიწყება რამიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის (მე-9 საავადმოყოს მიმდებარე ტერიტორია) დამაკავშირებელი ახალი ორმხრივი გზის მშენებლობა. დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გიგი უგულავა: თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მიმართულებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენს სამუშაოებში შედის სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია. პარალელურად მიდის ახალი ესტაკადებისა და შემაერთებელი გზების გაკეთება. ჩვენ შევძლებთ ვაკე და საბურთალო რეალურად დავაკავშიროთ ისე, რომ მანქანას არ მოუწიოს გმირთა მოედანზე ან ფილარმონიასთან ჩასვლა. ეს 2 პრობლემური მონაკვეთია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წლის დასაწყისში გვირაბის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. გაფართოვდა და პროფილს იცვლის რამიშვილის ქუჩა, რომელიც არაყიშვილის პერპენდიკულარული გახდება. ყველა ამ ღონისძიებით მანქანას შეეძლება ფალიაშვილიდან ან აბაშიძედან  დაახლოებით 3 წუთში იყოს ყაზბეგის გამზირზე. ეს არა მარტო დროს და გავლადობას ზრდის ქალაქში, არამედ უფრო კომფორტულს ხდის მოძრაობას. მთელ ამ სამუშაოებზე, რომლებიც ქართული კომპანიების მიერ სრულდება, 300 თბილისელია დასაქმებული. ამას ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარებით ქალაქს დარჩება ახალი ინფრასტრუქტურა ხოლო პარალელურად გაჩნდება ბევრი ახალი სამუშაო ადგილი. ეს ყველაზე უფრო სწორი სოციალური დახმარებაა, ვინაიდან ქალაქს რჩება გზა, ხიდი, კომუნიკაცია, რასაც თავისი სიკეთე მოაქვს და პარალელურად იქმნება ძალაინ ბევრი სამუშაო ადგილი.

Wednesday, September 28, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო


თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო, რომლის ძირითადი თემა დასაქმება და შრომის ბაზრის მართვაა. თბილისის მერი ასევე საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ მერიის დასაქმების  პროექტი გააცნო და  სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
თბილისის მერიისა და  დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში  თბილისში არსებული შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება და საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღების მიზნით,  მერიის დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება დაიწყება. უმუშევრობის დონის შემცირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით, დასაქმების პროგრამა თბილისის მერიამ ერთი წლის წინ შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. პროგრამა დასაქმების მსურველთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას, ვაკანსიების მოძიების მიზნით, კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობას, შრომის ბაზრის კვლევასა და ანალიზს მოიცავს.
დასაქმების ბაზაში მსურველთა რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თბილისის მასშტაბით არსებულ 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.  ბაზაში ასევე ავტომატურად რეგისტრირდება ყველი ის პირი, რომელმაც თბილისის მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები დაამთავრა.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მათთან არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. მოქნილი საძიებო სისტემის საშუალებით, დასაქმების მსურველთა ბაზაში ხორციელდება კონკრეტულ პოზიციაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა და დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. მერიასა და კერძო კომპანიების ურთიერთთანამშომლობის ეს ფორმა  უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მოძიებასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯის დაზოგვას.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება შრომის ბაზრის კვლევა.  კვლევის შედეგების საფუძველზე, დაგეგმილია ბაზაში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეთა გადამზადება, რომელთა პროფესიები აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ასევე, იგეგმება კონკრეტულ ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატებისთვის სამოტივაციო ტრეინინგების ჩატარება და დასაქმების პროცესის სხვა ხელშემწყობი აქტივობები.
თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან უკვე ასობით თბილისელი დასაქმდა და განხორციელებული სიახლებით უახლეს მომავალში კიდევ ბევრი თბილისელი იპოვის მისთვის სასურველ სამსახურს.

Wednesday, September 21, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფრენბურთის სპორტული ცენტრი დაათვალიერა


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, კიევის ქუჩაზე მდებარე ფრენბურთის ორსართულიანი სპორტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.   შენობაში გაკეთდა  დახურული და ღია სათამაშო მოედნები, გარემონტდა საშხაპეები, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, რაც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კონფორტულად ვარჯიშისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სპორტული ცენტრი თანამედროვე კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით აღიჭურვა, დამონტაჟდა ელექტრო ტაბლო.
განახლებულ შენობაში 30 სპორტსმენზე გათვლილი სასტუმროს ტიპის ოთახები და სასადილო გაკეთდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მოემსახურება და ბაზაზე სათანადოთ მომზადების შესაძლებლობას მისცემს. ახალი კომპლექსი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
სპორტული ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ფრენბურთელებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: ფრენბურთი ერთ–ერთი იმ ცხრა სახეობიდან, რომლეშიც 2015 წლის ოლიმპიადაში შეჯიბრი გაიმართება. აქედან გამომდინარე, ამ სპორტის სახეობაში  ჩვენ ორი მიმართულებით ვემზადებით. ერთი მიმართულება არის ოლიმპიადისთვის 10-11 წლის ბავშვების მომზადება, ხოლო მეორე – თვითონ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია ცხრა სახეობიდან თითოეულში წარმატებას მივაღწიოთ. პატარა ბავშვები, რომლებიც 10-11 წლის არიან, პროფესიულ ზრდას ეხლა იწყებენ და ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან. შესაძლებლობა თანაბარია თუ სწორად დავგეგმავთ ამ პროცესს. ინფრასტრუქტურის მომზადებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სკოლების დიდმა უმრავლესობამ სპორტის სახეობებში სწორედ ფრენბურთი აირჩიეს, რაც ამ სპორტის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

მთაწმინდის პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა


მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები  და  შთამომავლები, მემორიალის კონკურსის კომისიის წევრები და გამარჯვებული პროექტის ავტორი ნიკოლოზ მაისურაძე  დაესწრნენ. 2009 წელს თბილისის მერიამ  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მემორიალის განთავსების მიზნით, 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალის საუკეთესო  ესკიზური პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილე 25 პროექტიდან, რომლებიც 2009 წლის 3 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე საზოგადოებამ თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ მიმდინარე ექსპოზიციაზე იხილა, კომისიამ გამარჯვებულად ახალგაზრდა არქიტექტორის ნიკოლოზ მაისურაძის პროექტი დაასახელა.  მემორიალზე აღბეჭდილია ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და  მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი სახელები.

თბილისის მერმა პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა


 “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპის ფარგლებში თბილისის მერიამ დაპირების ხელშეკრულება რამოდენიმე სამშენებლო კომპანიას უკვე გაუფორმა. მათ შორის არის ამხანაგობა „ბოჭორმა 29“, რომელმაც მერიის პროექტის დახმარებით სამუშაოები განაახლა. 12 სართულიანი  კორპუსის მშენებლობა 2012 წლის ზაფხულში დასრულდება  და ახალი სახლებით 48 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამხანაგობა „ბოჭორმა 29“ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, „თიბისი ბანკმა“ 400 000 აშშ დოლარით დააფინანსა. განახლებულ მშენებლობაზე 20 ადამიანი დასაქმდა. პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
სამშენებლო ობიექტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და კომპანიის სამომავლო გეგმებს გაეცნო.
გიგი უგულავა: აღნიშნული მშენებლობა 6-8 თვეში დასრულდება. Pპარალელურად, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისადმი გაცემულია დაახლოებით 40 მლნ დოლარის ექვალენტი საგარანტიო დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში დაახლოებით 20-25 შეჩერებული დიდი მშენებლობა განახლდა და სრულიაად ახალი ხალხი დასაქმდა. აგვისტოს ეკონომიკური დინამიკა,  როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის, ძალიან პოზიტიურია. იქნება ეს ტურიზმის, თუ დიდი მშენებლობების განახლების ხარჯზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დინამიკა შევინარჩუნოთ. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი. რაც შეეხება მშენებლობას, მას განსაკუთრებით გამოვყობ, მიუხედავად იმისა, რომ სექტორის თვალსაზრისით ის ქალაქის ეკონომიკის მეორე-მესამე ადგილზეა, დასაქმების კუთხით  ის უალტერნატივოა, რადგან თვითონ მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ ყველა ბიზნესს ძალიან ბევრი სამუშაოს შექმნის პოტენციალი აქვს. სწორედ ამაზეა ჩვენი აქცენტი გაკეთებული და ამას ემსახურება პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე.’’

 

თბილისის მერმა და მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერეს


საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს მონაკოს პრინცმა ძველი თბილისი დაათვალიერა.  მეგზურობას დღეს მას თბილისის მერი უწევდა. პირველი, რაც ალბერ მეორემ  ქალაქის ისტორიულ ნაწილში ნახა აბანოთუბანი იყო. არქეოლოგიით დაინტერესებულმა მონაკოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა აბანოთუბნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებიც დაათვალიერა. დეტალურად დაინტერესდა აღმოჩენით, სადაც პირველი-მეორე საუკუნით დათარიღებული რომაული სტილით ნაგები აბანო იპოვეს. აღმოჩენის მიხედვით თბილისის ისტორია ვახტანგ გორგასლამდეა დაწყებული. აბანოთუბნის შემდეგ, გიგი უგულავამ და ალბერ მეორემ ნარიყალაზე, კალაუბასა და შარდენის ქუჩაზე გაისეირნეს, სადაც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს გაესაუბრნენ. ალბერ მეორემ ვიზიტის დროს საქართველოს ისტორიული კუთხეები მოიმახულა და დმანისში არქეოლოგიურ გათხრებსაც დაესწრო. სამი დღის განმავლობაში პრინცმა ბათუმი, სვანეთი, კახეთი, ბაკურიანი, დმანისი და თბილისი დაათვალიერა. მონაკოს პრინცმა საქართველო უკვე დატოვა.

Monday, September 19, 2011

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა მონაკოს პრინცთან ერთად დაათვალიერა


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფმა მონაკოს პრინცმა ალბერ II და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელ პანოციმ გახსნეს. ოლიმპიური კომიტეტი მაჩაბელის ქუჩაზე ახალ ოფისში გადავიდა. ოთხ სართულიან შენობაში ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თბილისის 2015 წლის ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიც განთავსდა.
შენობის პირველ სართულზე „ოლიმპიური მუზეუმი“ ფუნქციონირებს, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ტანსაცმელი და ნივთები, ასევე მათი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაა გამოფენილი. გახსნის ცერემონიასთან ერთად დღესვე, ახალ შენობაში ვეტერანი ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოვებაც გაიმართა. გამოჩენილი სამი სპორტსმენი „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში, მინდა ყველა სპორტსმენს მივულოცო, რადგან ეს არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის ოფისი, არამედ ყველა სპორტსმენისთვის საუკეთესო თავშეყრის ადგილია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და ამავდროულად აქ განთავსდა თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.ამას გარდა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იმისათვის, რომ  2015 წელს თბილისში ოლიმპიადა ჩატარდეს, გეგმის შესრულება უკვე დავიწყეთ იმ სტანდარტებით, რაც მოეთხოვება ნებისმიერი  ასეთი ტიპის ღონისძიებას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო და ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი მზადება ვუსურვო ყველა ჩვენ სპორტსმენს. იმედი მაქვს, ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.

Thursday, September 15, 2011

თბილისის საბავშვო-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


თემქაზე ახალი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ოთხსართულიანი ობიექტი 1 000 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტი და აფთიაქი ფუნქციონირებს. მარკეტი ადგილობრივ მოსახლებას სხვადასხვა სახეობის მაღალხარისხიან პროდუქციას სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. მრავალფუნქციური ცენტრის მეორე სართულზე სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნება, რომელიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ზედა ორ სართულზე დაგეგმილია კაფე–ბარისა და  პურ–ფუნთუშეულის საცხობის გახსნა. ამჟამად ახალ კომპლექსში 30 ადამიანია დასაქმებული. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ სულ 100 ადამიანი დასაქმდება. მრავალფუნქციური ცენტრის ადმინისტრაცია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და  უახლოეს მომავალში კადრებს მერიის დასაქმების ბაზიდან შეარჩევს. აღნიშნული ბაზა თბილისის მერიაში ერთი წელია ფუნქციონირებს და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ თბილისელს შეუძლია. მერია აქტიურად თანამშრომლობს ქალაქში მოქმედ კერძო კომპანიებთან და მათთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყების მსურველ თბილისელებს კომპანიებთან უწევს რეკომენდაციას. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალი ობიექტების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, მაღაზია, სალონი, პატარა საამქრო თუ სხვა. ეკონომიკური გაჭირვების დაძლევის ერთადერთი სწორი საშუალება  სწორედ მცირე, პატარა ან საშუალო ბიზნესის განვითარებაა.  ამ ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული და მისი სრულად ამუშავების შემდეგ, 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისასალმებელია ისიც, რომ ეს გააკეთეს რუსეთში მოღვაწე ქართველებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყანაში და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია მათი მოზიდვა სამშობლოში და ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით დაწყება.   ერთადერთი სწორი გზა, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არის ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი, ხოლო დასაქმება არის მთავარი  ხელშეწყობა და გამოსავალი იმ გაჭირვებიდან, რომელშიც ძალიან ბევრი თბილისელი იმყოფება.

განახლებული სვანეთი


განახლებულმა მესტიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. 13 სექტემბერს მესტიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო,  ხიდი და136 -კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობის მომსახურებაზე ორიენტირებული და გარემოსთან ადაპტირებული იუსტიციის სახლის  შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. კონსტრუქციას მთის ფორმა აქვს და ის სვანეთის ერთიან არქიტექტურულ სტილში ჯდება. იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტი და  ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინი. ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

Wednesday, September 14, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა „ოლიმპის“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა


თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა "ოლიმპის" მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა და სკოლის განახლებული შენობა დაათვალიერა. სკოლა "ოლიმპს" 10 წლის ისტორია აქვს. სკოლა გახანგრძლივებული რეჟიმით მუშაობს და  მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში გაძლიერებულ სწავლებას სთავაზობს. "ოლიმპის" ბაზაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სპორტის სხვადასხვა სახეობას: ცურვას, ფეხბურთსა და კალათბურთს დაეუფლონ. გოგონებისათვის ფუნქციონირებს გამოყენებითი ხელოვნებისა და საბალეტო ცეკვის წრეები. სკოლა სისტემატიურად ატარებს კონკურსებსა და სხვადასხვა გასართობ–შემეცნებით ღონისძიებებს სხვა პარტნიორი სკოლების მონაწილეობით. "ოლიმპში" 400 მოსწავლე სწავლობს და ისინი განათლებას 60 კვალიფიციური პედაგოგის დახმარებით იღებენ. ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის სკოლაში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.  საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

გიგი უგულავა: მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც პირველად უნდა შემოადგან ფეხი სკოლაში. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა. გამსაკუთრებული იმიტომ, რომ გადავიდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მიხარია, რომ ასეთი გახარებულები, მწყობრში შეუდგებიან ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს. მინდა ამ სკოლის ხელმძღვანელობას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება და მიხარია, რომ ამ აქ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ყველა საშუალებაა გამოყენებული. არსებობს სხვადასხვა სპორტის სახეობის დარბაზები და შესაძლებლობა, რომ მოზარდები სპორტს საუკეთესო დონეზე დაეუფლონ. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ ბავშვებო და შევუდგეთ სწავლას.

Saturday, September 10, 2011

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - ახალი ეტაპი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2009 წელს  დაფუძნდა. წელს თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მსოფლიო კინოს ვარსკვლავი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვიდა. მალკოვიჩი 14  სექტემბერს სპექტაკლ “ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანში”  ითამაშებს. წარმოდგენა ვენის აკადემიის ორკესტრის თანხლებით რუსთაველის თეატრში გაიმართება. თბილისის მერი გიგი უგულავა  ჯონ მალკოვიჩს  პირადად შეხვდა, გაესაუბრა  და გამოჩენილ მსახიობს ძველი თბილისი დაათავლიერებინა.

Friday, September 9, 2011


თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას, რაც ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კუკიის დასახლებაში საქარის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, 265 კვ.მ ფართობზე ახალი სპორტული მოედანი აშენდა. დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ღობეები, დაიდგა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. აღნიშნულ სამუშაოებზე 11 ადამიანი დასაქმდა. წლის ბოლომდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე 30 ხელოვნურ საფარიანი  მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი სპორტული მოედანი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისის ძველ უბნებში ძალიან მჭიდრო განაშენიანებაა და ცოტაა თავისუფალი ადგილი იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ამიტომ გამგეობები გაფრთხილებულნი არიან, რომ როგორც კი გამოჩნდება ადგილი, ის მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ამ მიმართულებით. თუ გაივლით ქალაქში, დაინახავთ, რომ ყველაზე სავსე მთელი დღე-ღამის განმავლობაში არის სტადიონები და უამრავი ბავშვი თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობს. ეს არის სწორი განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლის დამკვიდრება სპორტულ შედეგებზეც აუცილებლად აისახება.

Thursday, September 8, 2011

გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს სკოლის სახელმძღვანელოები გადასცა


სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. პროექტის მიზანია, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს და სათანადო ზოგადი განათლება მიიღოს.
2011-2012 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელობი გადაეცემათ I-VI კლასის ჩათვლით  ყველა იმ მოსწავლეს, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000–ს შეადგენს და VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000–ია. ქალაქში ასეთი 8  743 მოსწავლეა და თითოეული მათგანი სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, წიგნები სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ და  მომავალ წელს მის გამოყენებას სხვა ბავშვებიც შეძლებენ. სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ჩეკურიშვილების ოჯახს თბილისის მერმა გიგი უგულავა ესტუმრა და ოჯახის ოთხ მცირეწლოვანს სკოლის სახელმძღვანელოები გადასცა. 

Wednesday, September 7, 2011

თბილისში “Peacocks”-ის მაღაზია გაიხსნა


თბილისში მსოფლიოში ცნობილი ინგლისური სავაჭრო ნიშნის: “Peacocks”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ბრენდი მაღალი ხარისხის: მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ტანსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს.  “Peacocks”–ი გაერთიანებულ სამეფოში 127 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150 მაღაზიას ფლობს. აღნიშნული ბრენდი მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას  ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. “Peacocks”–ი სეზონურად სხვადასხვა ფასდაკლების აქციების მოწყობას გეგმავს. ახალ სავაჭრო ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული.
“Peacocks”-ის მაღაზია თბილისის მერმა გიგი უგულავამ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისს კიდევ ერთი ახალი ბრენდი და მაღაზია შეემატა, რომელიც საშუალო კლასზეა ორიენტირებული. კარგია ეს იმით,  რომ ეს კომპანიაა, რომელიც სომხური ინვესტიციით არის დაფუძნებული. უახლოეს მომავალში კიდევ ორი მაღაზია დაემატება და ჯამში 250 თბილისელი დასაქმდება.

Tuesday, September 6, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ქალაქის გამწვანების მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ,,მზიურისა’’ და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში თანამედროვე, სრულყოფილი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეიქმნება. “მზიურის” განახლება  დაიწყო და მისი სრული რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდება. ამჟამად “მზიურის” ტერიტორიაზე პარკის განახლების პირველი ეტაპი  მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტერიტორიაზე სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,  მონტაჟდება გარე-განათების სანათები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ბორდიურები და არსებულ  ბილიკებს პროექტით გათვალისწინებული ახალი საფეხმავლო ბილიკები ემატება. ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები 2011 წლის ნოემბერში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა ასაკის ბავშვისთვის  განკუთვნილი იქნება სათამაშო მოედნები, მოეწყობა  ამფითეატრი, სკეიტბორდის მოედანი, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზები, მოსასვენებელი ადგილები და საპიკნიკე საჩრდილობლები. პარკის ტერიტორიაზე ასევე აშენდება  საცურაო კომპლექსი  ,,მზიური აკვა”, რომელიც  18 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში  დახურული და ღია საცურაო აუზები, სპორტული მაღაზიები, კაფე-ბარები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები განთავსდება. განხორციელებული ინვესტიცია ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე   200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქს მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი  და რეკრეაციული ზონა შეემატება, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას კომფორტულ გარემოში  შეძლებენ. ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და  ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს  გაეცნო.
გიგი უგულავა: მას შემდეგ, რაც ახალი მაგისტრალი აშენდა, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მზიურისა და მისი მიმდებარე რეკრეაციული ზონის განვითარება. პარკი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ და მისი ძირითადი მომხმარებელია ვაკე–საბურთალოს მოსახლეობა. პარკს ერთგვარი დამაკავშირებელი ფუნქციაც აქვს, ამიტომ ჩვენ გვინდა განვავითაროთ ის, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციურად. იმისათვის, რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა. პარალელურად აქ საცურაო აუზი კეთდება, რაც მიმზიდველია მომხმარებლისთვის. განახლებული პარკი საცურაო აუზითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურით დასრულდება მომავალი წლის სეზონისთვის. ამ დროისთვის ასევე დასრულდება მზიურის ძველი, ტრადიციული ნაწილის რეაბილიტაციაც. ამ კუთხით თბილისელებს ექნებათ კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ დაისვენებენ.

Monday, September 5, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


ვარკეთილის IVმ/რ-ში მდებარე ექვს მრავალსართულიან კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების:  სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კორპუსების ერთმანეთთან დამაკავშირებელ შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება,  ბეტონის ბორდიურები გაკეთდება და ტროტუარები მოეწყობა.
სამუშაოების განხორციელებით, ადგილობრივ  600-ზე მეტ ოჯახს წლების განმავლობაში არსებული კომუნიკაციებისა და გადაადგილების პრობლემა მოეხსნებათ. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პროგრამა, რომელიც მოიცავს შიდა საკორპუსო ეზოების მოასფალტებას.  ქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო პროექტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით არის გამოყოფილი, იმიტომ, რომ ცენტრალური გზების პრობლემა მეტნაკლებად მოხსნილია. ამასთანავე ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს კაპიტალურად გაკეთებული და დროულად იყოს გამოცვლილი ძველი კომუნიკაციები. რადგან თითოეული მილი არის ამ შენობის მდგრადობის გარანტი. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მასშტაბით ამ პროექტებით დაახლოებით 2500 დამიანია დასაქმებული. ამრიგად ბევრი ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Sunday, September 4, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუხიანის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


მუხიანის მესამე მიკრო-რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. იგება 6 830 მეტრ კვადრატი ასფალტის საფარი, იცვლება  565 გრძივი მეტრი ბორდიურები და კეთდება  ტროტუარები.
აღნიშნულ სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული, მათგან 3 მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე კვირას დასრულდება.
დედაქალაქში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისად საგზაო სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს.  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.