Tuesday, September 6, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ქალაქის გამწვანების მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია ,,მზიურისა’’ და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში თანამედროვე, სრულყოფილი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეიქმნება. “მზიურის” განახლება  დაიწყო და მისი სრული რეაბილიტაცია 2012 წელს დასრულდება. ამჟამად “მზიურის” ტერიტორიაზე პარკის განახლების პირველი ეტაპი  მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტერიტორიაზე სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,  მონტაჟდება გარე-განათების სანათები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ბორდიურები და არსებულ  ბილიკებს პროექტით გათვალისწინებული ახალი საფეხმავლო ბილიკები ემატება. ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები 2011 წლის ნოემბერში დასრულდება.  მიმდინარე სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა ასაკის ბავშვისთვის  განკუთვნილი იქნება სათამაშო მოედნები, მოეწყობა  ამფითეატრი, სკეიტბორდის მოედანი, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზები, მოსასვენებელი ადგილები და საპიკნიკე საჩრდილობლები. პარკის ტერიტორიაზე ასევე აშენდება  საცურაო კომპლექსი  ,,მზიური აკვა”, რომელიც  18 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში  დახურული და ღია საცურაო აუზები, სპორტული მაღაზიები, კაფე-ბარები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები განთავსდება. განხორციელებული ინვესტიცია ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე   200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყობა. მზიურის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქს მნიშვნელოვანი დასასვენებელი ადგილი  და რეკრეაციული ზონა შეემატება, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას კომფორტულ გარემოში  შეძლებენ. ,,მზიურში’’ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ  დაათვალიერა და  ტერიტორიის განვითარების სამომავლო გეგმებს  გაეცნო.
გიგი უგულავა: მას შემდეგ, რაც ახალი მაგისტრალი აშენდა, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მზიურისა და მისი მიმდებარე რეკრეაციული ზონის განვითარება. პარკი მდებარეობს მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ და მისი ძირითადი მომხმარებელია ვაკე–საბურთალოს მოსახლეობა. პარკს ერთგვარი დამაკავშირებელი ფუნქციაც აქვს, ამიტომ ჩვენ გვინდა განვავითაროთ ის, როგორც ვიზუალურად ისე ფუნქციურად. იმისათვის, რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს, მთლიანად უნდა შეიცვალოს ინფრასტრუქტურა. პარალელურად აქ საცურაო აუზი კეთდება, რაც მიმზიდველია მომხმარებლისთვის. განახლებული პარკი საცურაო აუზითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურით დასრულდება მომავალი წლის სეზონისთვის. ამ დროისთვის ასევე დასრულდება მზიურის ძველი, ტრადიციული ნაწილის რეაბილიტაციაც. ამ კუთხით თბილისელებს ექნებათ კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, სადაც ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად უსაფრთხოდ დაისვენებენ.

No comments:

Post a Comment