Wednesday, September 21, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფრენბურთის სპორტული ცენტრი დაათვალიერა


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
პროექტის ფარგლებში, კიევის ქუჩაზე მდებარე ფრენბურთის ორსართულიანი სპორტული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.   შენობაში გაკეთდა  დახურული და ღია სათამაშო მოედნები, გარემონტდა საშხაპეები, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, რაც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კონფორტულად ვარჯიშისა და მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. სპორტული ცენტრი თანამედროვე კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით აღიჭურვა, დამონტაჟდა ელექტრო ტაბლო.
განახლებულ შენობაში 30 სპორტსმენზე გათვლილი სასტუმროს ტიპის ოთახები და სასადილო გაკეთდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონებიდან ჩამოსულ სპორტსმენებს მოემსახურება და ბაზაზე სათანადოთ მომზადების შესაძლებლობას მისცემს. ახალი კომპლექსი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
სპორტული ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ფრენბურთელებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: ფრენბურთი ერთ–ერთი იმ ცხრა სახეობიდან, რომლეშიც 2015 წლის ოლიმპიადაში შეჯიბრი გაიმართება. აქედან გამომდინარე, ამ სპორტის სახეობაში  ჩვენ ორი მიმართულებით ვემზადებით. ერთი მიმართულება არის ოლიმპიადისთვის 10-11 წლის ბავშვების მომზადება, ხოლო მეორე – თვითონ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია ცხრა სახეობიდან თითოეულში წარმატებას მივაღწიოთ. პატარა ბავშვები, რომლებიც 10-11 წლის არიან, პროფესიულ ზრდას ეხლა იწყებენ და ისინი წარმოდგენილნი იქნებიან ევროპის ყველა ქვეყნიდან. შესაძლებლობა თანაბარია თუ სწორად დავგეგმავთ ამ პროცესს. ინფრასტრუქტურის მომზადებაც ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სკოლების დიდმა უმრავლესობამ სპორტის სახეობებში სწორედ ფრენბურთი აირჩიეს, რაც ამ სპორტის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

No comments:

Post a Comment