Monday, September 19, 2011

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა მონაკოს პრინცთან ერთად დაათვალიერა


საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა, საქართველოში სტუმრად მყოფმა მონაკოს პრინცმა ალბერ II და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურმა მდივანმა რაფაელ პანოციმ გახსნეს. ოლიმპიური კომიტეტი მაჩაბელის ქუჩაზე ახალ ოფისში გადავიდა. ოთხ სართულიან შენობაში ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თბილისის 2015 წლის ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიც განთავსდა.
შენობის პირველ სართულზე „ოლიმპიური მუზეუმი“ ფუნქციონირებს, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სპორტული ტანსაცმელი და ნივთები, ასევე მათი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაა გამოფენილი. გახსნის ცერემონიასთან ერთად დღესვე, ახალ შენობაში ვეტერანი ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოვებაც გაიმართა. გამოჩენილი სამი სპორტსმენი „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვეს.

გიგი უგულავა: პირველ რიგში, მინდა ყველა სპორტსმენს მივულოცო, რადგან ეს არა მხოლოდ ოლიმპიური კომიტეტის ოფისი, არამედ ყველა სპორტსმენისთვის საუკეთესო თავშეყრის ადგილია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო, ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია და ამავდროულად აქ განთავსდა თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, რაც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.ამას გარდა, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. იმისათვის, რომ  2015 წელს თბილისში ოლიმპიადა ჩატარდეს, გეგმის შესრულება უკვე დავიწყეთ იმ სტანდარტებით, რაც მოეთხოვება ნებისმიერი  ასეთი ტიპის ღონისძიებას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო და ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი მზადება ვუსურვო ყველა ჩვენ სპორტსმენს. იმედი მაქვს, ისინი ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.

No comments:

Post a Comment