Monday, September 5, 2011

თბილისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება


ვარკეთილის IVმ/რ-ში მდებარე ექვს მრავალსართულიან კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების:  სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კორპუსების ერთმანეთთან დამაკავშირებელ შიდა ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება,  ბეტონის ბორდიურები გაკეთდება და ტროტუარები მოეწყობა.
სამუშაოების განხორციელებით, ადგილობრივ  600-ზე მეტ ოჯახს წლების განმავლობაში არსებული კომუნიკაციებისა და გადაადგილების პრობლემა მოეხსნებათ. სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული.
დედაქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება, რაც საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, თბილისელების დასაქმების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პროგრამა, რომელიც მოიცავს შიდა საკორპუსო ეზოების მოასფალტებას.  ქალაქის ბიუჯეტიდან საგზაო პროექტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით არის გამოყოფილი, იმიტომ, რომ ცენტრალური გზების პრობლემა მეტნაკლებად მოხსნილია. ამასთანავე ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს კაპიტალურად გაკეთებული და დროულად იყოს გამოცვლილი ძველი კომუნიკაციები. რადგან თითოეული მილი არის ამ შენობის მდგრადობის გარანტი. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მასშტაბით ამ პროექტებით დაახლოებით 2500 დამიანია დასაქმებული. ამრიგად ბევრი ოჯახისთვის ეს შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

No comments:

Post a Comment