Wednesday, September 21, 2011

მთაწმინდის პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა


მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნა. მემორიალის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები  და  შთამომავლები, მემორიალის კონკურსის კომისიის წევრები და გამარჯვებული პროექტის ავტორი ნიკოლოზ მაისურაძე  დაესწრნენ. 2009 წელს თბილისის მერიამ  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მემორიალის განთავსების მიზნით, 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალის საუკეთესო  ესკიზური პროექტის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილე 25 პროექტიდან, რომლებიც 2009 წლის 3 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე საზოგადოებამ თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ მიმდინარე ექსპოზიციაზე იხილა, კომისიამ გამარჯვებულად ახალგაზრდა არქიტექტორის ნიკოლოზ მაისურაძის პროექტი დაასახელა.  მემორიალზე აღბეჭდილია ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და  მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი სახელები.

No comments:

Post a Comment