თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადადის.
მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩრებულის დასრულება სურს, თბილისის მერია გაუფორმებს წერილობით დაპირებას.
დაპირების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 თვის ვადაში თუ ვერ მოხდა ბინების რეალიზაცია, ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ.
კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასგან ექნებათ შესყიდვის გარანტია გაცემული დაპირების სახით, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან გაფორმებული დაპირება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის მერიაში შექმნილი “უძრავი ქონების განვითარების ფონდი” განკარგავს და იმ თბილისელებზე გაანაწილებს, რომლებიც უკიდურესად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ და დღემდე მერია მათ ქირით აკმაყოფილებს. გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი არის მარტივი ფორმულა: ბანკი ადვილად გასცემს სესხს ნებისმიერ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც გარანტირებული მყიდველი ეყოლება, რაც შეჩერებული მშენებლობების სწრაფად დასრულებას უზრუნველყოფს.
პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნეს-სფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითრდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებზე თბილისის მერია გასცემს დაპირებას აღნიშნული დროის განმავლობაში გასცემს.
გიგი უგულავა: როგორც იცით, დედაქალაქში წარმატებით განხორციელდა უნიკალური პროექტი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო: 422 ოჯახი დაკმაყოფილდა სრულყოფილი ბინით – ძველისა და ნახევრად დანგრეულის სანაცვლოდ, ხოლო ქალაქმა მიიღო 62 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი გამოთავისუფლებული ფართი. მთლიანობაში, ხარჯებმა 54 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა ჩვენ წავედით ამაზე თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე შეჩერებული მშენებლობების განსაახლებლად და სამუშაო ადგილების აღსადგენად.
ამ პროექტმა საკუთარი მისია შეასრულა. თავის დროზე იგი უალტერნატივოც იყო!
მაგრამ დღეს ქვეყნის წინაშე ახალი ამოცანები დგას. შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ აუცილებელია კიდევ უფრო მეტად კრეატიული და ორიგინალური პროგრამების შემუშავება.
პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებს ძველი პროექტის დადებით ტენდენციებს, თუმცა უფრო მარტივი და დღევანდელ რეალობაზე უკეთ მორგებული იქნება.
ახალ ფაზაზე, შევიმუშავეთ სრულიად განსხვავებული მოდელი, რომელიც, ბევრად მაშტაბური, უფრო მარტივია და არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ხარჯებს.
თბილისის მერია მზადაა გააფორმოს სამშენებლო კომპანიებთან წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ საცხოვრებელ კოროპუსებში შესყიდვის შესახებ, 1 კვადრატული მეტრისა – 400 დოლარად, ექვივალენტით ლარში.
ჩვენი ახალი პროექტი, ფაქტიურად მშენებლობის უფასო დაზღვევაა. ანუ, მერია ქმნის ვითარებას, როდესაც მშენებელს უკვე ყავს ბინის გარანტირებული მყიდველი – სახელმწიფოს სახით!
ეს ბევრად გააადვილებს თანამშრომლობას სამშენებლო კომპანიებსა და ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ჩვეულებრივ ინვესტორებს შორის, რადგან მხარეები დარწმუნებულები იქნებიან, რომ მათი ფული არც ერთ შემთხვევაში არ დაიკარგება.
მოგეხსენებათ, ყოველწლიურად თბილისის მერია რამდენიმე მილიონ ლარს ისედაც ხარჯავს ავარიული ბინებიდან მოქალაქეთა გასახლებისა და მათთვის საცხოვრებლის დასაქირავებლად. ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება ამ სახსრების მიმართვა უკვე დასრულებული ბინების შესასყიდად. შესაბამისად ახალი პროექტი მნიშვნელოვანია სოცალური პროგრამების გაძლიერების თვალსაზრისითაც.
ამით ერთდროულად რამდენიმე მიზანს მივაღწევთ:
• დაიწყება ახალი მშენებლობები, რადგან პროგრამა ახალ მშენებლობებსაც სთავაზობს თანამშრომლობას
• განახლდება შეჩერებული მშენებლობები;
• შეიქმნება ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი დაწყებული.
• აღარ დაგვჭირდება რთული ფორმულების შედგენა და კონკურსების გამოცხადება, რაც საფრთხეების გარდა ვერც ფარავდა მთლიანად, სამშენებლო სექტორის საჭიროებას.
• ამავდროულად, ვქმნით ხელსაყრელ გარემოს ასეულობით მილიონი კერძო ინვესტიციის მოსაზიდად სამშენებლო სფეროში და, მთლიანად, ეკონომიკაში. თანაც ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლო ხარჯები, პროექტის მარგი ქმედებასთან შედარებით, მინიმალური იქნება.
• გამოირიცხება ყოველგვარი გარიგება. გასარიგებელი უბრალოდ არაფერია: ნებისმიერ ბიზნესმენს (და არა მხოლოდ უკვე არსებულ სამშენებლო კომპანიებს) შეუძლია მოვიდეს მერიაში, გააფორმოს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და ჰქონდეს გარანტია, რომ დასრულებულ ბინებს გარანტირებულად ეყოლება მყიდველი სახელმწიფოს სახით.
დარწმუნებული ვარ, პროექტის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევს გამოცოცხლებას უძრავი ქონების ბაზარზე.
ყველას მოვუწოდებ: იჩქარეთ! იჩქარეთ, რადგან ჩვენი წინადადება ძალაშია მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. ანუ თბილისის მერია მხოლოდ 2012 წლის აპრილამდე აფორმებს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებებს მშენებლებთან, რომლებიც, შემდგომ, გონივრულ ვადებში დაასრულებენ თავის პროექტებს.
სახელმწიფოს დანიშნულება სწორედ ესაა: შექმნას საინვესტიციო გარემო და გააძლიეროს ნდობა ეკონომიკის სუბიექტებს შორის, დაეხმაროს და თავდებში დაუდგეს მას, ვისაც ერთის მხრივ ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, ხოლო მეორეს მხრივ, აქვს საშუალება, ამ მხარდაჭერის წყალობით, აამუშავოს ეკონომიკის წამყვანი დარგები.
No comments:
Post a Comment