Monday, March 14, 2011

“ქვემო კალას” რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ვიცე-მერმა დავით ნინიძემ დაათვალიერეს

ძველი თბილისისთვის ისტორიული იერსახის დაბრუნება თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში “ქვემო კალას” რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიხედვით, სამუშაოები ჩაუტარდება ნარიყალას ქვევით ბეთლემის ქუჩისა და ბოტანიკურის ქუჩის მიმართულებით მდებარე 50-მდე სახლს. ამ ეტპზე სამუშაოები 16 შენობაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცია და ა.შ.), გამაგრდება და განახლდება შენობების საძირკვლები, კედლები, სახურავები, ფასადები, ქუჩები მოიკირწყლება და განათდება. ნაგებობების მდგრადობასა და საცხოვრებელი ფართების ოპტიმიზაციასთან ერთად, გაჩნდება სათანადო სველი წერტილები. ყოველივე ამის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები; თითოეულ ოჯახს შესაძლებლობა ექნება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში კაფეები და საოჯახო სასტუმროები გახსნას, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. სამღებროს, საადის, ირგვლივის, ბეთლემისა და სხვა ქუჩების რესტავრაციის შედეგად, თბილისელებს, ქართველ და უცხოელ ტურისტებს, საშუალება ექნებათ, ძველი თბილისის ეგზოტიკური და უკვე რეაბილიტირებული უბანი დაათვალიერონ, რომელიც მეტეხის ხიდიდან და “მეიდნიდან” მოყოლებული ბოტანიკურის ქუჩის, ბოტანიკური ბაღის, აბანოების უბნის, ლეღვთახევისა და ორმოცმოწამეთა ეკლესიის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას მოიცავს. “ქვემო კალას” რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გიგი უგულავა: სამღებროს ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ძველი თბილისის ნაწილის, სახლების დიდი ნაწილი იმდენად ამორტიზირებული იყო, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ მოხდა შენობების დაშლა და მიმდინარეობს მათი იგივე ფასადით აღდგენა. გარდა ამისა მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ის, რომ მოხდება მფლობელების მიერ სახლების კომერციალიზაცია, მალე აქ სამი “გესთ ჰაუზი”, მაღაზიები და პატარა კაფეები გაიხსნება. ყოველივე ეს კი დამატებითი შემოსავალია თბილისელებისთვის და ხელს უწყობს ძველი თბილისისთვის საზოგადოებრივი დანიშნულების მიცემას, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს, როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვისაც.

No comments:

Post a Comment