კანში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე თბილისის მერიამ რკინიგზის გადატანის, თბილისის ზღვისა და უძოს განვითარების პროექტები წარადგინა. მერიასთან ერთად თბილისის სტენდზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და კერძო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენის მსვლელობისას გაიმართა პრეზენტაციები და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისის მიერ წარმოდგენილ პროექტებთან ერთად მესტიაში, გუდაურსა და ანაკლიაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსაც გაცნობოდნენ. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
გიგი უგულავა: წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი პროექტები წარმოგვედგინა, რომელიც უკვე მზად არის საინვესტიციოდ, ანუ მას კონკრეტულად დამუშავებული სახე აქვს. თბილისის შემთხვევაში ეს არის რამოდენიმე პროექტი. რკინიგზის გადატანის პროექტი, გადაუჭარბებლად საუკუნის პროექტია. გამონთავისუფლებული ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე ეხლა ვმუშაობთ, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან დიდი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა და ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის პროექტი, რომელიც თბილისს ახალ ჰორიზონტებს უხსნის. ფაქტიურად ეს არის ქალაქში ქალაქი, ანუ ბიზნეს–ცენტრი, რაც მარცხენა სანაპიროს განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია თბილისის ზღვის განვითარება, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მდებარეობითა და კლიმატური პირობებით. ძალიან საინტერესოა ასევე უძოს მთის პროექტი, რომელის შეიძლება ბევრმა თბილისელმა არ იცოდეს. ეს არის მთა, რომელსაც ყოველდღიურად წყნეთის თავზე ვუყურებთ, იქ არის შესაძლებლობა სათხილამურო ტრასების, კოტეჯებისა და პატარა დასახლების განვითარებისა, რომელიც ზაფხულშიც შეიძლება იყოს დატვირთული. ყველა ამ პროექტს უკვე დამუშავებული სახე აქვს, რომელზეც გარკვეული თანხა უკვე დახარჯულია და ინვესტორისთვის მიმზიდველია. ჩვენი მთავარი მიზანი ახალი ინესტიციების მოზიდვა და უძრავი ქონების ბაზარის გამოცოცხლებაა.
No comments:
Post a Comment