Saturday, February 12, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა კუსტბაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო

თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში არსებული მწვანე საფარის შენარჩუნება და მისი განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტყის სახელმწიფო ფონდის კუთვნილი ფართობი მმართველობაში დედაქალაქის მერიას გადაეცა და მწვანე ნარგავების დაცვისთვის განსაკუთრებული რეჟიმი დადგინდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება შეიქმნა, რომელიც 12 ოპერატიული სპეციალისტით დაკომპლექტდა. ისინი 24 საათის განმავლობაში, მეთვალყურეობას გაუწევენ ქალაქში არსებულ ტყეებს და მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხვა-დაზიანებისა და ტრანსპორტირების ფაქტებს გამოავლენენ. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი 6 მობილური ჯგუფი მიცუბიშის მარკის ლურჯი შუქურებიანი მანქანებით იმოძრავებენ და ქალაქის რეკრეაციულ ზონებს დაზიანებისგან დაიცავენ. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის მთავარი მიმართულებებია: ქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვაზე მონიტორინგის დაწესება,ნარგავების უკანონო დაზიანების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების გატარება და დედაქალაქის საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა გამოიწვევს: ა) დამრღვევი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) ამავე დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება, დარღვევა განიხილება, როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მსგავსი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახური ქალაქში არსებულ ტყის მასივებს განადგურებისგან მაქსიმალურად დაიცავს. თბილისის მერი გიგი უგულავა კუსტბაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო.


გიგი უგულავა: საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შარშან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტყის ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. ზედამხედველობის სამსახურში შევქმენით რეინჯერთა ჯგუფი, რომელიც 24 საათიან მორიგეობას გაწევს და წესრიგს დაიცავს. ჩვენ ორი მიმართულებით გვაქვს გეგმა, ერთია რომ ზედამხედველობას გავწევთ და მოხდება უკანონოდ ხეების მოჭრის მინიმიზაცია, ასევე გეგმაში გვაქვს მაქსიმალურად მალე დავასრულოთ შემოერთებულ ტერიტორიაზე გაზიფიცირება, ვინაიდან გაზის არ ქონის გამო მოსახლეობაში შეშაზე მოთხოვნა მატულობს. პარალელურად გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურში შეიქმნა განყოფილება, რომელიც ტყის ფონდის განვითრებაზე იზრუნებს, ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, რათა თბილისის ტყის ფონდი, რაც ქალაქის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს, განვითარდეს და თბილისი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ქალაქი.

No comments:

Post a Comment