თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სათბური დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.სათბურში, რომელიც 850 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული პომიდორის, მწვანე სალათის ფოთლებისა და წიწაკის ახალი მოსავალი ყოველ მეოთხე დღეს მოჰყავთ.
აღნიშნული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით თბილისში მდებარე აგრარული ბაზრები და „პოპულის“ ქსელის მაღაზიები მარაგდება. სათბურში სამი ადამიანია დასაქმებული.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელმა საჭირო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ჩვენ გვაქვს პროგრამა: „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით", რომელიც სამი წელია მოქმედებს. ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესის სხვადასხვა სფერო ფინანსებდა. წელს ჩვენ გვინდა პროგრამა უფრო მიზანმიმართული გავხადოთ და ბანკებთან ერთად ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, დაფასოება–კონსერვირებისა და ასევე სასათბურე მეურნეობის განვითარება დავაფინანსოთ. ეს რეალურად მოგვცემს ეფექტს. სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის თბილისში ხელსაყრელი გარემოა, რადგან სხვადსხვა ადგილებში არსებობს თერმული წყლები.
ჩვენ ასევე გვინდა გამოვყოთ მიწა გრძელვადიანი იჯარით, ყოველივე ეს კი ბანკებს გაუადვილებს მეწარმის დაფინანსებას, რაც ნებისმიერი თბილისელისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება თავისი მცირე ბიზნესი დაიწყოს და განავითაროს. ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანა.
გარდა ამისა სათბურში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ არის დამოკიდებული სეზონზე, რაც ხშირ შემთხვევაში ფასთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ თვალსაზრისითაც ეს დაგვეხმარება, რომ სასურსათო უზრუნველყოფა ქალაქში უფრო სტაბილური გახდეს.
No comments:
Post a Comment