თბილისის მერიამ, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად, კონკურსი 2010 წლის ბოლოს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით ოთხმა კომპანიამ: "თბილქარმა", "თბილ ლაინმა", "ფაბლიქ ქარმა" და "კაპიტალ გრუფმა" გაიმარჯვა.
დღეს თბილისის მერიისა და კონკურსში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელს, რომლის საფუძველზეც კომპანიებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადაეცათ.
ხელშეკრულების თანახმად გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდნენ, ასევე 2011 წლის ბოლომდე ქალაქში ახალი, კომფორტული, „ფორდ ტრანზიტის“ ყვითელი ფერის სამარშრუტო მიკრო-ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც აღჭურვილი იქნება გადახდის ერთიანი საბარათე სისტემით და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და ახალი მიკრო–ავტობუსები, მათი მძღოლები და მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ. ერთიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქში გადაადგილებას მოაწესრიგებს.
კომპანიების მიერ, ასევე აშენდება და მოეწყობა ხუთი ავტოპარკი, რაც მიკრო–ავტობუსების დაცულობასა და მათ გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
გიგი უგულავა: უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მიკრო–ავტობუსების ახალ შემადგენლობას. დღეს ბაზარზე არსებული სამარშრუტო ტაქსების 90%–ი ადამაინის გადაყვანისთვის გამოყენებადი არ არის. ის ძველი და საკმაოდ სახიფათოა. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა ექნებათ იმ შეღავათებით ისარგებლონ, რა შეღავათითაც ავტობუსსა და მეტროპოლიტენში სარგებლობენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრი, რომელიც ახალ სამარშრუტო ტაქსში იჯდება და მძღოლიც დაზღვეულნი იქნებიან. მათი სამედიციონო მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს. ავტოპარკის სრულად განახლების შემდეგ, დაახლოებით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
No comments:
Post a Comment