Saturday, February 5, 2011

გრიპთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ სემინარს თბილისის მერი დაესწრო

ზამთარში ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დაავადებათა რაოდენობა მატულობს. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დროული დიაგნოსტიკა, ვირუსული დაავადებების გამწვავების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასოა. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ემსახურება. პროგრამის ფარგლებში ექიმებს სისტემატიურად უტარდებათ სემინარები და კონფერენციები, რაც მიზნად ისახავს: ექსპერტებისგან ექიმებისთვის ზუსტი რეკომენდაციებისა და მითითებების მიღებას, თუ როგორ მოიქცნენ ყოველ კონკრეტულ გამოძახებაზე, რა კრიტერიუმებით შეაფასონ ავადმყოფის მდგომარეობა, მკურნალობის როგორი კურსი დაუნიშნონ თითოეულ მათგანს და რა შემთხვევაში მოახდინონ ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცა.

გრიპთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, გამართულ სემინარს თბილისის მერი დაესწრო. გიგი უგულავამ ექიმებისგან ამ ეტაპზე ქალაქში არსებულული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პაციენტებისადმი სწრაფად და ხარისხიანად გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, მადლობა გადაუხადა.

გიგი უგულავა: ვირუსული გრიპის გავრცელების კუთხით, თებერვალი და მარტი მაღალი რისკის თვეებია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც თბილისის 60-ვე პოლიკლინიკაში გრიპზე გამოძახება და კონსულტაცია უფასოა. პროგრამას ორი მნიშვნელობა აქვს ერთი, რომ მოსახლეობას არ დააწვეს მძიმე ტვირთად და მეორე ის, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია და როდესაც მოქალაქეები პირდაპირ სავადმყოფოებს მიმართავენ, ბუნებრივია სავადმყოფოებში რესურსი ხშირად ამოწურულია, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობამ უფრო აქტიურად ისარგებლოს პოლიკლინიკის სერვისით და შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში თუ აუცილებელია ექიმი თავად მისცემს რეკომენდაციას ჰოსპიტალიზაციაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროგრამაში მონაწილე ყველა ექიმს ამ თემასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ და პარალელურად ვატარებთ სემინარებს, სადაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მათ აქვთ შესაძლებლობა უფრო კარგად აითვისონ ყველა ის მეთოდიკა, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს, რომ ეპიდ-საშიში პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიტანოთ.

No comments:

Post a Comment