თბილისის მერიის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი “საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა“ ისეთ სამართალდამრღვევებზეა ორიენტირებული, რომელიც არ განეკუთვნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. სასამართლოს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩამდენ პირს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდოს, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ “საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის“ ფარგლებში, დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში მსუბუქი დანაშაულის ჩადენაზე გასამართლებული პირები, რომელთაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა, ქალაქის ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდებიან. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას უსასყიდლო შრომით ემსახურონ და მათ მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის უტყუარობა დაამტკიცონ. პროექტის ეფექტური განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და სამუშაოების აღწერილობების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოიყრის თავს. ბაზა ყოველდღიურად განახლდება, რაც შესაძლებლობას შექმნის დროულად აღსრულდეს სასამართლოს სანქცია.
გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა არის ის შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოების წევრს დაანახებს, რომ არც ერთი სამუშაო არ არის სათაკილო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია, რომ საუბარი არ არის საოფისე ან მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებზე, არამედ აქ საუბარია პირველ რიგში ისეთ სამუშაოებზე, რომელსაც სჭირდება სოლიდარობა. ძირითადად ეს არის დასუფთავება, კომუნიკაციების მოვლა, გამწვანება თუ ნებისმიერი საველე ურბანული სამუშაოები, რაც მძიმე შრომას უკავშირდება. ამით ჩვენ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ყველა საქმიაობა დასაფასებელია და პატიოსანი შრომა არ არის სათაკილო.
No comments:
Post a Comment