Tuesday, April 19, 2011

მერიაში ჭადრაკის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში საორგანიზაციო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. 6-19 მაისს თბილისში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 40 ქვეყნის 200 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს.საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ქართველო მოჭადრაკეები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან.გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წელს, ექვს მაისს იწყება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენი ქალაქისა თუ ჭადრაკის განვითარებისთვის. ქალთა ჭადრაკი ერთ–ერთი იმ სპორტთაგანია, რომლითაც ტრადიციულად ვამაყობთ. ეს ტურნირი დამატებითი სტიმულია ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტის ამ სახეობით. ის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სპორტული ბიოგრაფიის გამრავალფეროვნებისთვის, უფრო მეტი საერთაშორისო დონის ტურნირის მოსაზიდად და ჩასატარებლად. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიჯისთვის, ასევე სპორტის, ტურიზმის განვითარებისთვის და დასაქმებისთვის. ვინაიდან, თითოეული საერთაშორისო ღონისძიება თუ ტურნირი ნიშნავს უფრო მეტ მოზიდულ ტურისტს, ვიზიტორს ქალაქში და ეს დამატებით დახარჯული თანხაა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. ყველა ამ ღონისძიებას ბუნებრივია ესაჭიროება მომზადება და დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სწორედ იმისათვის, რომ გავიაროთ საორგანიზაციო საკითხები, რათა ჩემპიონატმა ჩაიაროს უმაღლეს დონეზე. არ იყოს ხარვეზი და ყველაფერი ჩატარდეს ისე, როგორც შეეფერება სპორტის ძალიან მნიშვნელოვან, ტრადიციულ სახეობას.

No comments:

Post a Comment