Friday, April 8, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ შერატონ მეტეხი პალასში გამართული დასაქმების ფორუმი დაათვალიერა და კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა

USAID–ისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, შერატონ მეტეხი პალასში დასაქმების ფორუმი გაიმართა,რომელშიც 50 კერძო კომპანია მონაწილეობდა.

თბილისის მერი გიგი უგულავა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და დამსაქმებელ კომპანიებს მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მიხედვით, მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შერჩეული 300 ადამიანის მონაცემები გააცნო. დასაქმების მსურველთა ბაზა მერიაში რამოდენიმე თვეა შეიქმნა და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ, მუშაობის დაწყების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ერთიან ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. ფორუმი დასაქმების მსურველ პირებს ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს დამსაქმებელი კომპანიებისა და იქ დასაქმების პერსპექტივების შესახებ; ასევე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ სად შეიძლება დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება; ფორუმში მონაწილე ტურზიმისა და მომსახურების სექტორის კომპანიები და ტრენინგ ინსტიტუტები საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას წარადგენენ, თუ რა სახის მომსახურებას ეწევიან ისინი და რა საკადრო–საკვალიფიკაციო მოთხოვნები გააჩნიათ. მსგავსი ტიპის ფორუმები დაეხმარება, როგორც სამსახურის მაძიებლებს, ასევე კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებს, რათა მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო, კვალიფიციური კადრების მოძებნა.

გიგი უგულავა: დასაქმების ფორუმი ძალიან კარგი ტრადიციაა, რომელიც ჩვენთანაც მკვიდრდება. ბევრ ქვეყანაში ეს არის აპრობირებული და უნიკალური შესაძლებლობა, რათა დამსაქმებლებმა გამოიტანონ თავიანთი ვაკანსიები და შეხვდნენ დასაქმების მსურველებს. უმუშევრობა ისეთი პრობლემაა, რომელზე ლაპარაკიც კი ძნელია. თითოეული სამუშაო ადგილის შექმნას ძალიან დიდი ძალისმევა სჭირდება. ამიტომ ეს პრობლემა კომპლექსურია და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციაა მასში ჩართული. ამ პროგრამის ფარგლებში მთელ საქართველოში სამი თასი ადამიანია დასაქმებული. ეს ფორუმი, რომელმაც თბილისში აიღო სტარტი, ჩატარდება საქართველოს დიდ ქალაქებში და შემოდგომაზე კვლავ თბილისში გაგრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბევრი აქ მოსული ადამიანი შემოდგომისთვის დასაქმდება და აქ აღარ მოვა. ეს არის ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი.

No comments:

Post a Comment