Saturday, April 23, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ „დედაენის ბაღში“ გამართული წიგნების გამოფენა დაათვალიერა

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ბაღში ტრადიციული წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში საქართველოში არსებულმა წიგნის 30 გამომცემლობამ და გამავრცელებელმა მიიღო მონაწილეობა. წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. ისტორიის თანახმად, კატალონიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესისა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღიც დაემატა და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. გიგი უგულავა: 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეა, ის იუნესკოს მიერ აღინიშნება და სერვანტესს, დე ლა ვეგასა და შექსპირს უკავშირდება. საბედნიეროდ წვიმამ გადაიღო და იმედია ბევრი წიგნის მოყვარული მოვა აქ და გამოფენას დაათვალიერებს. ჩვენ გვინდა ტრადიციად ვაქციოთ ეს დღე, ისევე როგორც ეს პარკი წიგნსმოყვარულთათვის. პარალელურად საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სამწუხაროდ საქართველო აუთსაიდერების რიგშია, ამიტომ კანონის გადახედვა მიმდინარეობს, რათა ინტელექტუალური საკუთრება უფრო დაცული იქნეს.

No comments:

Post a Comment