Wednesday, April 13, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბულაჩაურის ქუჩაზე "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის " ფარგლებში დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს. სამშენებლო კომპანია „ნიკემ“ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში, ბულაჩაურის ქუჩაზე 2 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე, ორი 13 და 15 სართულიანი სახლის მშენებლობა დაასრულა. კომპანიამ ავლაბარსა და დიდუბეში ავარიულ და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები 12 ოჯახი 22 ახალი, კომფორტული ბინით დააკმაყოფილა. მათ გარდა ახალი ბინებით დაკმაყოფილდა ასევე ის 88 ოჯახი, რომლებმაც სამშენებლო კომპანიისგან სახლები რამოდენიმე წლის წინ შეიძინეს და მშენებლობის დასრულებას ელოდნენ. თანამედროვე დიზაინის კორპუსებში დამონტაჟდა ლიფტები, სადარბაზოები მოპირკეთდა და ეზო კეთილმოეწყო. აღნიშნული მშენებლობის დასასრულებლად „ნიკეს“ “თიბისი ბანკმა” „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 2 500 000 დოლარის ოდენობით სესხი გამოუყო. მშენებლობაზე 50 ადამიანი მუშაობდა. გიგი უგულავა: პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე’’, რომელიც ჩვენ ერთი წელია დავიწყეთ, თავის კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. კონკრეტული შედეგი არის ის, რომ სამშენებლო ბიზნესი და მთლიანად მშენებლობა, რომელიც ჩვენი ქალაქის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია განვითარდა და შესაბამისად მრავალი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ამიტომ ის ინექცია, რომელიც ამ პროგრამის სახით შევიდა ამ სფეროში პრაქტიკულად განმსაზღვრელი იყო იმისათვის, რომ მთლიანად სფერო არ წაქცეულიყო. ამ პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ოთხასი ოჯახისთვის, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაკმაყოფილდა. ჩვენ ამ პროგრამის განახლებაზე, მოდიფიცირებაზე, გამარტივებაზე ვსაუბრობთ და ის ბევრად უფრო ყოვლისმომცველი იქნება. მალე საზოგადოებას ახალ სტიმულს მივცემთ მშენებლობებით, რამაც ჩვენი ვარაუდით საკმაოდ დიდი რაოდენობით ადამიანების დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი თბილისში.

No comments:

Post a Comment