Tuesday, May 3, 2011

პოლიციის ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს

თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება სამღერეთის ქუჩაზე აშენდა, სადაც 36 თანამშრომელი იმუშავებს, ლოტკინის  დასახლებას  მოემსახურება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს. 

პოლიციის ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს.

2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში  პოლიციის განყოფილების თხუტმეტი ახალი შენობა ააშენა. პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ხუთი ახალი განყოფილება დაიწყებს ფუნქციონირებას. პოლიციის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორია  თბილისის მერიამ კეთილმოაწყო.

გიგი უგულავა: უსაფრთხო ქალაქის პროგრამა აქტიურად ხორციელდება წელსაც. იგი თავის თავში მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რაიონსა და მუნიციპალიტეტში ახალი პოლიციის შენობა აშენდეს და ინოვაციური სამუშაო გარემო შეიქმნას. აღსანიშნავია სწორედ ის, რომ სიახლე არა თავად ახალი შენობა, არამედ მთელი ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც მას თან ახლავს. ეს არის მუშაობის ახალი სტილი, რომელმაც თავისი შედეგი უკვე გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი რეგიონში ერთერთ უსაფრთხო ქალაქად იქცა. რასაც მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაძალადევის რაიონის ლოტკინის ნაწილისთვის, იმიტომ, რომ ეს კრიმინოგენული თვალსაზრისით ტრადიციულად ერთ–ერთ რთულ უბნად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობა აქ ხშირად წუხდა და გამოძახებები მრავლად იყო. ეს განყოფილება ფარავს თბილისის ზღვის მიმართულებას, სადაც ჩვენ ვგეგმავთ რეკრეაციული ფუნქციის გაძლიერებას. წელს მთლიანად შეკეთდება გზა. ასევე კეთდება საფეხმავლო ბულვარი. ზაფხულში ძალიან ბევრი თბილისელი დამსვენებელი ამოდის აქ. შესაბამისად აუცილებელია უსაფრთხოება და კომფორტი, რადგან უსაფრთხოება არის კომფორტის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი და იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

No comments:

Post a Comment