Thursday, May 5, 2011

თბილისის მერიაში ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრეს–კონფერენცია გაიმართა

თბილისში 6-დან 19 მაისის ჩათვლით ჭადრაკში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 26 ქვეყნის 134 უძლიერესი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მისი მთავარი მსაჯი: მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია იქნება. საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან. დღეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ჩემპიონატთან და წინა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პრეს–კონფერენცია გამართეს.


გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება ევროპის ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში. თბილისი არის მასპინძელი ქალაქი. ჭადრაკის ფედერაციასთან და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. ორი კვირის განმავლობაში ჭადრაკის გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, როგორც პირდაპირ ასევე ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს მისთვის სასურველ თამაშებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით ჩემპიონატი იდეალურად ჩაივლის და აქვე, როგორც გულშემატკივარმა, ჩვენს ქალბატონებს მინდა წარმატებები ვუსურვო. საქართველო სპორტის ამ სახეობაში და განსაკუთრებით ქალბატონებში, მოგეხსენებათ, რპმ ტრადიციულად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენს დედაქალაქში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ჩვენი ქალბატონები წარმატებას მიაღწევენ. სხვა მხრივ, ყველა ორგანიზაციული საკითხი დასრულებულია და ჩვენ უკვე დღეიდან ველოდებით დელეგაციებს. საკმაოდ წარმომადგენლობითია დელეგაციათა სიმრავლე და ამ ორი კვირის განმავლობაში ნამდვილი სპორტული ზეიმი იქნება, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის სპორტული ბიოგრაფიისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამ ტურნირებით ვაგროვებთ ასე ვთქვათ, იმ ნდობის კრედიტებს, რაც კიდევ უფრო მეტი, ახალი და მნიშვნელოვანია სხვა სპორტის სახეობებში ტურნირების ჩატარებისთვის.

No comments:

Post a Comment