Monday, May 2, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების სტრატეგიის ფორუმს დაესწრო
თბილისის მერიისა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თბილისის განვითარების სტრატეგიის ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნესს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. თბილისის განვითარების სტრატეგიაზე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და მსოფლიო ბანკი ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ქალაქების ალიანსისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.განვითარების სტრატეგიის ფორუმი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ფორუმის მსვლელობისას მსოფლიო ბანკის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ასად ალამმა პრეზენტაცია გამართა და ქალაქების განვითარებაში სტრატეგიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები ქალაქის პროფაილს გაეცნენ, რომელიც თბილისის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა და ის ქალაქის დღევანდელ სიტუაციას აღწერს.გიგი უგულავა: წარმოვადგინეთ ერთგვარი ქალაქის “პროფაილი”. ეს არის ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგიისთვის. ამ საბაზისო დოკუმენტზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა ექსპერტებთან ერთად. ეს “პროფაილი”იძლევა საშუალებას ყველა მიმართულებით განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რაც თბილისისთვის და თბილისელებისთვის უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ სტუდენტებს და მნიშვნელოვანია რა შრომის ბაზარი დახვდებათ მათ. დღეს ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ის სპეციალობები, რომლებიც მოთხოვნადია, შრომის ბაზრის ადეკვატური არ არის. ანუ შრომის ბაზარზე ამ პროფესიით ადამიანმა შეიძლება სამსახური ვერ იპოვოს. ეს ერთი პატარა მიმართულებაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იმ უამრავი პრობლემატიკისა, რაც ქალაქს დროის დინამიკაში სჭირდება. თუ ადამიანი სწავლობს, სწავლობს იმიტომ, რომ შემდეგ დასაქმდეს. თუ შრომის ბაზარი მას ვერ შესთავაზებს ადეკვატურ სამუშაო ადგილს, მაშინ გამოდის, რომ ამ სწავლას აზრი არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი იქნება შრომის ბაზარი უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში და შესაბამისად საზოგადოებას შევთავაზოთ ამ სპეციალობებზე რეორიენტაცია იმისათვის, რომ ადამიანი თავიდანვე არ იყოს განწირული უმუშევრობისთვის. არის უამრავი ეკოლოგიური მიმართულება, ტრანპორტის მართვის მიმართულება, ურბანიზაცია, განსახლება, ქალაქის ენერგო ეფექტურობა და ა.შ. ეს არის წყება მიმართულებებისა, რომლებიც თუ არ გვეცოდინება საითკენ მიდის, იმ მოულოდნელობების წინაშე აღმოჩნდება თბილისი, თბილისის მმართველობა და თბილისელები, რაც შემდგომ უფრო რთულ და ბევრ პრობლემას წარმოშობს. ამ თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვლელოვანი სასტარტო ეტაპი დოკუმენტისა, რომელზეც ვიწყებთ ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მუშაობას და საბოლოო ჯამში ეს იქნება განმსაზღვრელი დოკუმენტი თბილისის სამოქმედო გეგმისა და თბილისელებისთვის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქი 10 და 20 წლის შემდეგ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment