თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე აშენდა. გლდანი – ნაძალადევის რაიონის პოლიციის პირველი განყოფილებაში 52 თანამშრომელი იმუშავებს და გლდანის „ა“ , პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მიკრო–რაიონების მოსახლეობას მოემსახურება.
უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ორი ახალი შენობა აშენდება. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია. პოლიციის ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ კეთილმოაწყო. დაიგო ასფალტის საფარი, ქვაფენილი, მოეწყო პარკირების ადგილები და შენობის ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანდა. შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ.
გიგი უგულავა: გლდანი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ყველაზე დიდი რაიონია. პრაქტიკულად გლდანი წარმოადგენს ქალაქში ქალაქს, ამიტომ მას ყველაზე მეტად სჭირდება ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხოებისთვის პოლიციის შენობა, რომელიც მთლიანად ლუწ და კენტ მიკრორაიონებს მოიცავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის შემდეგ პოლიცია გაიხსნა, ასევე მიმდებარე ტაძრამდე “სმარტის” სუპერმარკეტების ქსელი და გასართობ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა კეთდება. ანუ, ფაქტიურად, უსაფრთხოებისა და გართობა-დასვენების თვალსაზრისით გლდანელებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროგრამას, რასაც უსაფრთხო ქალაქი ჰქვია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციის ქვეგანყოფილებებისა და სამართველოების რეაბილიტაციას და ახალი სამუშაო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. მინდა ეს დღე მივულოცო გლდანელებს, ვინაიდან ამიერიდან გლდანი უფრო უსაფრთხო უბანი გახდება.
No comments:
Post a Comment