თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ბუდაპეშტის მერმა იშტვან ტარლოშმა თბილისსა და ბუდაპეშტს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმის თანახმად თბილისისა და ბუდაპეშტის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში განვითარდება.
ორი ქალაქი უზრუნველყოფს ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობა, ქალაქის მართვა და საჯარო სამსახური, ურბანული დაგეგმარება და განვითარება, გარემოსა და ბუნების დაცვა, განათლება, კულტურა და ჯანდაცვა, ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა.
ასევე ორი ქალაქის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის ჩამოყალიბდება კომერციული და საქმიანი ურთიერთობები.
გიგი უგულავა: თბილისსა და ბუდაპეშტს შორის დაძმობილების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ქალაქის საბჭოს გადაეცემა და მისი დამტკიცების შემთხვევაში უკვე საბოლოოდ გაფორმდება. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვლელოვანი სიახლე თბილისისთვის, ვინაიდან თითოეული მეგობარი ქალაქი ჩვენთვის ღირებული და ძვირფასია. ის არის დამატებითი შესაძლებლობა კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ამ თვალსაზრისით, ეს ფასდაუდებელი შენაძენი იქნება ჩვენთვის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებისთვისაც. თქვენ იცით, რომ რუსთაველის ქუჩა, ისევე როგორც რუსთაველის მონუმენტი გაიხსნა ქალაქ ბუდაპეშტში. შესაბამისად დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა უკვე განახლებულ ადგილას მიხაი ზიჩის ძეგლი გაგვეხსნა. ეს არის, ასე ვთქვათ, პატარა ნიშნები იმ დიდი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს შორის ამიერიდან სულ უფრო გაღრმავდება და მე დარწმუნებული ვარ, ის ძალიან სასიკეთო შედეგს გამოიღებს თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე ვგულისხმობ პირველ რიგში ქალაქებს, ქალაქების მმართველობასa და უპირველეს ყოვლისა თითოეული თბილისელს.
No comments:
Post a Comment