თბილისის მერია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ისანი–სამგორის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მოსკოვის გამზირის მე–4 კვარტალში 4 700კვ.მეტრ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი იგება და ბეტონის ბორდიურები კეთდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემაც. სამუშაოები 10 დღეში დასრულდება და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა მოეხსნება. უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება.
გიგი უგულავა: ჩვენ დავიწყეთ პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, რომლის ფარგლებში ახლადაშენებული ბინების ნაწილი შეიძლება ქალაქის საბინაო ფონდის მფლობელობაში გადმოვიდეს და ამ ფონდიდან ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა დაკმაყოფილდეს. ავარიული სახლების პრობლემა ქალაქის ყველა რაიონს აქვს და ჩვენ წელიწადში დაახლოებით სამ მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ სახლებიდან გამოყვანილი მოსახლეობის ქირის გადასახდელად. სწორედ ამიტომ უმჯობესია ეს პრობლემა კომპლექსურად მოვაგვაროთ. ცალკე თემაა დევნილების პრობლემების გადაჭრა. ამჟამად მიმდინარეობს მათი ფართების დაკანონება და შესაბამისად ამხანოგეობების ჩამოყალიბება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ყველა იმ პროექტით ისარგებლონ, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს. დევნილი არა სოციალური სტატუსი, არამედ მხოლოდ – პოლიტიკური სტატუსი უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment