თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები და მცირე მარნები მონაწილეობდნენ. ღვინის ფესტივალი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა. "ღვინის კლუბმა" დეგუსტაციის წესით ორმოცზე მეტი ოჯახური მარანი შეარჩია, რომლებიც ფესტივალზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. სხვადასხვა ღვინის მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვითაც გამოირჩევა. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ჭურის მოხდა და მისი ღვინის დეგუსტაცია იყო.
ღვინის ფესტივალები მეღვინეობის ტრადიციების მქონე ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში "ღვინის კლუბის" ინიციატივით, აღნიშნული ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა და 3 ათასზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. სტუმრების დიდ ნაწილს ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უკეთ შეისწავლონ ქართული ღვინო. ფესტივალს ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა და დღეს ისინი აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და დიდი სტიმული მისცა ოჯახურ მარნებს, რადგან რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და ქართულ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ფესტივალის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
გიგი უგულავა: ღვინო ჩვენი კულტურისა და იდენტურობის ნაწილია. ფესტივალი, რომელიც თბილისში დაფუძნდა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდება, უკვე ტრადიციული გახდა. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული ღვინო აიკრძალა, მან სხვადასხვა ქვეყნის ბაზრები მოიცვა და ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველ ადამიანს შეიძლება ფეხი საერთოდ არ დაუდგამს და არც რომელიმე შემოქმედებითი კულტურული ღონისძიება გამართულა, იქ ქართულმა ღვინომ სახელი უკვე გაითქვა. ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფესტივალიც ბუნებრივია ამას უწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment