ეკონომიკის სტიმულირების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაწყებული, თბილისის მერიის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ქალაქში წარმატებით ხორციელდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე ეტაპის ფარგლებში, ამხანაგობა „გუნია 22“–ის მიერ, ვერაზე დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა და იმ ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ახალი, კომფორტული ბინებით დაკმაყოფილდნენ.
ამხანაგობა „გუნია 22“–მა პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და ვერაზე, გუნიას ქუჩაზე 215 კვ.მეტრ ტერიტორიაზე ოთხ სართულიანი სახლის მშენებლობა დაასრულა.
ახალ კორპუსში თანამედროვე და კომფორტული ბინებით, დოლაბაურის ქუჩაზე ავარიულ სახლებში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული მშენებლობის დასასრულებლად ამხანაგობა „გუნია 22“–ს “ბაზის ბანკმა” „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 160 000 დოლარის ოდენობით სესხი გამოუყო.მშენებლობაზე 30 ადამიანი დასაქმდა.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მესამე ეტაპი თბილისი მერიამ ერთი თვის წინ გამოაცხადა. მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანია და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. შესაბამისად კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა. პროექტის ახალი ეტაპის ხანგრძლივობა ერთი წელია. ნებისმიერ დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიას თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას აღნიშნული დროის განმავლობაში გაუფორმებს.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
გიგი უგულავა: ბევრი პრობლემაა, რომელიც თბილისელებს აწუხებთ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის ავარიული ბინები, რომლებიც ისტორიულად მოყვება თბილისს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე. გარდა სამუშაო ადგილების შექმნის და მთლიანად სამშენებლო სფეროს წახალისებისა, ხდება ასევე ავარიული ბინებიდან მოსახლეობის ეტაპობრივად გამოყვანა და ახალ კომფორტულ ბინებში გადაყვანა. დაახლოებით 350 ოჯახმა უკვე მიიღო ახალი ბინა და გააგრძელა ახალ ბინაში ცხოვრება. ასევე ეს პროგრამა გრძელდება ახალი სახით. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ დასრულებულ, ექსპლუატაციაში მიღებულ ბინაში თბილისის მერია მზად არის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმოს მშენებელს და 400 დოლარის ექვივალენტი ლარში გადაიხადოს კვადრატულ მეტრში. ეს რეალურად არის მშენებლისთვის უფასო გარანტია იმისათვის, რომ ადვილად მოიზიდოს ფინანსური რესურსი ბანკებიდან და ბანკისთვისაც უსაფრთხო იყოს ფულის მშენებლობაში დაბანდება. ამ პროექტით უკვე დაახლოებით 40 მილიონ დოლარზე მეტის პროექტი არის შემოსული ჩვენთან და განხილვის სტადიაში გვაქვს. წელს ვვარაუდობთ, რომ 200 მილიონი ლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება სამშენებლო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 1500-2000 სამუშაო ადგილს ნიშნავს ამ სექტორში. ამიტომ მიმაჩნია ეს პროგრამა, რომ არის ერთ-ერთი ის საშუალება, რომლითაც შევძლებთ სამშენებლო სფერო ეტაპობრივად გამოვიყვანოთ კრიზისიდან.
No comments:
Post a Comment