თბილისის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ–ის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქებისა და რეგიონების სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ფორუმი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის, ქალაქების ალიანსის, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეხუთე საერთაშორისო ფორუმი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა და ფორუმის ფარგლებში ბუდაპეშტის მერს იშტვან ტარლოშს, ჰააგის მერის მოადგილეს ჰენკ კულს, ევრო სითის გენერალურ მდივანს პოლ ბევანსა და აშშ–ის ხმის ჩაწერის, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ნილ პორტნოუს შეხვდა.
გიგი უგულავა: უკვე მეხუთე წელია, რაც ყოველწლიურად თბილისის ეკონომიკური ფორუმი თბილისის მერიისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება. ჩვენი ფორუმის ძირითადი მიზანი არის იმ გამოწვევების ანალიზი, იმ პროგრამების შეჯამება და ახალი პროგრამების დაგეგმვა, რომლებიც ჩვენ შემთხვევაში თბილისის და ზოგადად ურბანულ განვითარებას უკავშირდება. ქალაქის ეკონომიკა არის ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკის წამყვანი ძალა. საუბარია ეკონომიკის სტიმულირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივაზე, იმაზე თუ რა მიმართულებები უნდა განავითაროს თითოეულმა ქალაქმა, რა არის მისთვის ალტერნატიული მახასიათებელი, იმისთვის რომ მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, რათა ეკონომიკა არ იყოს ჩაკეტილი და რომელიმე დიდ სფეროებზე მიბმული. ეს მნიშვნელოვანია ისევ და ისევ, საბოლოო ჯამში, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ეს არის ძირითადი აზრი და მიზანი იმ დისკუსიისა, რომელიც ქალაქების განვითარებას ეხება და ამ თვალსაზრისით ეს ფორუმი წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს არის ძირითადი მიზანი და არსი ამ კონფერენციისა, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მონაწილეებისთვის საინტერესო იქნება.
No comments:
Post a Comment