Wednesday, May 25, 2011

თბილისის ზღვაზე “ოლიმპიური სოფელი” აშენდება

2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობაა. „ოლიმპიური სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება. ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ობიექტი აშენდება. ეს იქნება: ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, საცხოვრებელი სახლები, სასადილო და გასართობი ცენტრები. შენობები ორ–სამ სართულიანი იქნება, თითოეულ სართულზე მინიმუმ რვა ოთახი განთავსდება, რომელშიც ოთხი ადამიანი იცხოვრებს. კომფორტულ და თანამედროვე დიზაინის სახლებში ასევე გათვალისწინებული იქნება მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების ოთახებიც. ოლიმპიური სოფელში ერთდროულად 4 000 სპორტსმენი იცხოვრებს. ტერიტორიაზე ყველა საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრს, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის მდივანს გვიდო დე ბონდის და სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ჟოზეფ ლიბოს შეხვდა. გიგი უგულავამ სტუმრებს თბილისის ზღვაზე დაგეგმილი „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობის სამომავლო გეგმები გააცნო. სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ჟოზეფ ლიბო თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებს უშუალოდ გაუწევს მეთვალყურეობას და თბილისში ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩამოვა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თბილისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნობიან და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს გამართავენ.

გიგი უგულავა: 2015 წელს თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, ამიტომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩვევ უკვე დავიწყეთ. წელიწადში ორჯერ, სპეციალური კომისია ჩამოვა და დასკვნას დაწერს, თუ რამდენად ემზადება ქალაქი ოლიმპიადისთვის. ძალიან დიდია ამ ღონისძიების მნიშვნელობა ქალაქისათვის, ამიტომ მომზადებაც მიმდინარეობს აქტიურად. ოლიმპიური სოფელი, რომელიც 4 000 ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლებს, სწორედ აქ, თბილისის ზღვისკენ აშენდება. ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია ყველა პარამეტრით. წელს ვიწყებთ ბულვარის მშენებლობას და უკვე გაისად ოლიმპიური სოფლის მშენებლობაც დაიწყება. პარალელურად მიდის მომზადება სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურის, რომელიც აუცილებელი იქნება ტურნირისთვის. ბუნებრივია ეს უკვე მერიის ნაწილი არ არის, მაგრამ მთავარი ახლა არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენებიც მოემზადონ, რათა მარტო კი არ ვუმასპინძლოთ, არამედ წარმატებასაც მივაღწიოთ.

No comments:

Post a Comment