Friday, May 13, 2011

თბილისის მერი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველის კურთხევას დაესწრო

თბილისის მერი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველის კურთხევას დაესწრო წყარო: თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 12 მაისს, მახათას მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველი აკურთხა. კურთხევის რიტუალს კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი, იკონიის მიტროპოლიტი თეოლიპტე, ათონის მთის დელეგაცია და ზაგორსკისა და კიევის მღვიმის ლავრების წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი შემოწირულობა მახათას მთაზე ტაძრის ასაშენებლად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ თავისი წინაპრების, საქართველოს მეფეებისა და პატრიარქების სახელზე გაიღო. აქციაში ამჟამად 108 000 პირია გაწევრიანებული, ისინი ყოველთვიურად რიცხავენ თანხას მახათას მთაზე ტაძრის ასაგებად. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წელს მახათას მთაზე მამათა მონასტერი დაარსდა და ათონის მთის ივერთა მონასტრის ქტიტორების: იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარი აშენდა.

ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის აგებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მშენებლობის ანგარიში გახსნილია საქართველოში მოქმედ ყველა ბანკში. ნებისმიერ პირს შეუძლია მისთვის სასურველ ბანკში მხოლოდ ერთხელ მისვლა და ავტომატური დავალების მომსახურების მეშვეობით, წმინდა სავანის მშენებლობის დასრულებამდე აქციაში ჩართვა. ამის შემდეგ მისი ანგარიშიდან თვეში ერთხელ ავტომატურად ჩამოიჭრება წინასწარ მითითებული თანხა და გადავა ტაძრის მშენებლობის ანგარიშზე. მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველის კურთხევას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

გიგი უგულავა: ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თბილისელისთვის, ვინაიდან ისტორიულად მონასტრები ატარდებდნენ საგანმანათლებლო და სოციალურ ფუნქციას. ეკლესია–მონასტრები იყო ის ადგილი, სადაც ადამიანი ინკურნებოდა სულიერად და ხორციელად. ამიტომ ამ მშენებლობას დიდი მშენებლობა აქვს. ის იწყება დღეს და იწყება თითოეული თქვენთაგანის მონაწილეობით.

No comments:

Post a Comment