Tuesday, May 24, 2011

რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

რიყის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რიყის პარკის განაშენიანება დასრულდა, რომელსაც საქართველოს რუქის ფორმა აქვს და საფეხმავლო ბილიკებით თითოეულ რეგიონს აერთიანებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ რიყის პარკი დაათვალიერეს და მის მიმდებარედ, მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. აღნიშნული ობიექტის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის. არქიტექტორი რიყის ტერიტორიის უკეთ შესწავლისა და დათვალიერების მიზნით, პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა მისი პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო.

თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, რომელიც სივრცის ძირითად ნაწილს მოიცავს და ტერიტორიისათვის რეკრეაციული ფუნქციის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. პარკის მთავარი განმსაზღვრელი და მახასიათებელი: მწვანე არქიტექტურა და დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკებია. პარკის ტერიტორიაზე მცირე საბავშვო მოედნები, დასასვენებელი ადგილები და ამფითეატრი მოეწყო, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ტერიტორია სხვადასხა ტიპისა და ზომის სანათი საშუალებებით განათდა. რიყის პარკში დამსვენებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოა შექმნილი. რიყის პარკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აქცენტი სამგანზომილებიანი გამოსახულებების მოძრავი მუსიკალური შადრევანია, რომელიც მთავარი საფეხმავლო მოედნით „მშვიდობის ხიდსა“ და ავლაბრის გვირაბის ახალი სეგმენტის სახურავზე მოწყობილ პრომენადეს უკავშირდება. გვირაბის სახურავი გამოყენებულია პარკის ერთ-ერთ ელემენტად და ინტეგრირებულია მთლიან სივრცესთან. რიყის სივრცითი გეგმარების კონცეფციის შემადგენელ ნაწილს „მშვიდობის ხიდი“ წარმოადგენს, რომელიც რიყის პარკს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, ერეკლე II –ს, შავთელის, ჩახრუხაძის, ლესელიძის ქუჩებთან, მეიდანთან, კალასთან და აბანოთუბანთან აკავშირებს. მითითებული ქუჩები და უბნები ძველი თბილისში ერთ-ერთ ძირითადი ტურისტულ მარშუტს წარმოადგენს, შესაბამისად ნებისმიერი ტურისტისათვის და დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში, ავლაბრის მოედნიდან რიყის პარკში კიბით ჩასვლა და „მშვიდობის ხიდის“ გადაკვეთით აღნიშნულ ქუჩებთან დაკავშირება. რიყეზე ასევე მიმდინარეობს ერთდონიანი, 320 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობაც, რომელიც მოძრაობას განტვირთავს და ქალაქის უძველეს ნაწილში ავტომობილების პარკირების პრობლემას მოაგვარებს.

რიყის სრული რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს დასრულდება.

No comments:

Post a Comment