Wednesday, May 4, 2011

ვარკეთილში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება ვარკეთილში აშენდა, სადაც 55 თანამშრომელი იმუშავებს, დასახლებას მოემსახურება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში იზრუნებს.
პოლიციის ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს. 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში პოლიციის განყოფილების ახალი შენობები ააშენა. პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ოთხი ახალი განყოფილება დაიწყებს ფუნქციონირებას. პოლიციის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ კეთილმოაწყო.

გიგი უგულავა: დღევანდელი დღე ნამდვილად ღირსშესანიშნავია ვარკეთილისთვის. 2006 წლის არჩევნების წინ, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი აზრით ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით ვარკეთილში, სხვადასხვა ტიპის დანაშაული იყო: მანქანისა თუ მისი ნაწილების ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა ქუჩაში და ა.შ. ამ ხუთი წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. შემიძლია პარალელი გავავლო 2010 წლის არჩევნების პერიოდთან, როდესაც მოქალაქეების დღის წესრიგიდან საერთოდ ამოვარდნილი იყო ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც კრიმინალსა და მასთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ეს პირველ რიგში არის სწორედ თქვენი დამსახურება, ხალხის ვინც აქ მუშაობთ და პრინციპი, როდესც ყველაფერი გამჭვირვალეა, არის საზოგადოებისთვის ნიშანი, რომ პოლიცია არის მათ სამსახურში. პოლიცია დღე და ღამ, კარგსა თუ ცუდ ამინდში არის თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სამსახურშია. ეს მნიშვნელოვანი სიახლე ადამიანს უქმნის დაცულობის განცდას და არის ის საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი ქალაქისა თუ ქვეყნის კეთილდღეობა. თუ ადამიანს არ აქვს იმის განცდა, რომ ქუჩაში გამოსვლისას ის დაცული იქნება, რომ ღამით ქუჩა განათებულია, კეთილმოწყობილია, პატრული დადის და პოლიცია მუშაობს, ამის გარეშე არც ბიზნესი განვითარდება, არც სამუშაო ადგილი შეიქმნება და საერთოდ არაფერი არ იარსებებს. ეს არის საფუძველი ნებისმიერი განვითარებისათვის.

No comments:

Post a Comment